რუსული ტერორისტული ბანაკები ნეონაცისტების სამჭედლო გახდა

გერმანელმა ნეონაცისტებმა წვრთნა სანკტ პეტერბურგის სიახლოვეს მდებარე გასამხედროებულ ბანაკში – „რეზერვი“ („პარტიზანი“) გაიარეს. ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გერმანულმა მედიამ გასულ კვირას გაავრცელა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა გამოცემა „ფოკუსს“ განუცხადეს, რომ წვრთნების შესახებ იცოდნენ, თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, მემარჯვენე ექსტრემისტებს რუსეთი ჩასვლას ვერ აუკრძალავდნენ. გასამხედროებულ ბანაკ „რეზერვის“ უკან სკანდალური „რუსული იმპერიული მოძრაობა“ (РИД) დგას.

გავლენიანი „დოიჩე ველე“ აცხადებს, რომ 2017 წელს „რეზერვის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ცენტრი წვრთნებს უცხოელებს, მათ შორის, გერმანელებსაც სთავაზობდა. ირკვევა, რომ ბანაკის მომსახურებაში არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ონლაინკურსებიც შედის, მაგალითად „სამხედრო ტოპოგრაფია“. მხოლოდ 2020 წლის ივნისში ცენტრი რუსული სოციალური ქსელის, „ვკონტაქტეს“ საშუალებით 6 სხვადასხვა კურსზე აცხადებს მიღებას. „რუსული იმპერიული მოძრაობის“ დამფუძნებლები: დენის გარიევი, სტანისლავ ვორობიოვი და ნიკოლაი ტრუშალოვი არიან. ცოტა ხნის წინ, აშშ-მა მათ მიერ დაფუძნებული მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.

გამოცემა „ფოკუსის“ თანახმად, გერმანიის უშიშროების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინმა „რეზერვისა“ და სხვა მსგავსი ბანაკების არსებობის შესახებ იცის და მათი საქმიანობის აღკვეთას არ ახდენს. რუსეთში მსგავსი ტიპის გასამხედროებული წვრთნები ლეგალურია. როგორც წესი, ასეთი აქტივობები საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებული რუსეთის არმიის, საავიაციო და საზღვაო ძალების დახმარებისთვის შექმნილი მოხალისეთა გაერთიანების საფარქვეშ ხორციელდება. რუსულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ „რეზერვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რუსული პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, სტანისლავ ვორობიოვმა საკუთარი ბიზნესი „ეფ-ეს-ბე“-ს დახმარებით დააფუძნა.
რაც შეეხება გერმანელი ნაციონალისტების იმ ჯგუფს, რომელმაც რუსულ ბანაკში წვრთნა გაიარა – ეს ერთ-ერთი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთაა. მასში 280-მდე წევრია გაერთიანებული. ირკვევა, რომ რუსეთში გასამხედროებული წვრთნების მონაწილეებს შორის ასევე არიან გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური პარტიის, „მესამე გზის“ წარმომადგენლებიც. გერმანიის უშიშროების სამსახურის განცხადებით, აღნიშნული ჯგუფები ნაციზმით ინსპირირებული, ნაციონალისტურ-რასისტული იდეოლოგიების პროპაგანდას ეწევიან და დემოკრატიას ეწინააღმდეგებიან.

ირკვევა, რომ 2015 წელს პეტერბურგში „საერთაშორისო რუსული კონსერვატიული ფორუმი“ ჩატარდა, რომელსაც ცნობილი გერმანელი მემარჯვენე ექსტრემისტები, ასევე, შვედეთის, იტალიისა და საბერძნეთის ულტრანაციონალისტური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სავარაუდოდ, სწორედ აქედან დაიწყო ეს რუსულ-გერმანული ისტორია. ცალკე უნდა გამოვყოთ ის ინფორმაცია, რომ სწორედ აღნიშნულ ფორუმზე დაამყარა კონტაქტი „რუსეთის იმპერიული მოძრაობის“ ლიდერმა, სტანისლავ ვორობიოვმა შვედურ დაჯგუფება „ჩრდილოეთის წინააღმდეგობის მოძრაობასთან“. შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტის კვლევითი დირექტორი, მაგნუს რანსტროპი აცხადებს, რომ ვორობიოვმა მოძრაობას თანხაც კი შესწირა. როგორც ჩანს, რუსული ფული „ფუჭი“ არ აღმოჩნდა-მოგვიანებით, 2016-2017 წლებში ამ შვედური დაჯგუფების წევრებმა „რუსეთის იმპერიული მოძრაობის“ გასამხედროებულ ბანაკში ჯერ 11-დღიანი წვრთნა გაიარეს, შემდეგ კი შვედეთში 3 ტერორისტული აქტი ჩაიდინეს.
ის, რომ „რუსეთის იმპერიულ მოძრაობას” სინამდვილეში კრემლი თავისი მიზნებისთვის და ნებისმიერ საჭირო ადგილას დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყენებს, ეს უკრაინის მოვლენებიდანაც ხდება ნათელი. მოძრაობის წევრები ჯერ კიდევ 2014 წელს ჩავიდნენ კიევში, სადაც „რუსი ხალხის კავშირთან“ დაამყარეს კონტაქტი. იმავე წელს კი ლიდერი ვორობიოვი ყირიმში რუს სამხედრო ინსტრუქტორებთან ერთად ჩაფრინდა. მათ ადგილობრივი სეპარატისტებისთვის დახმარება უნდა გაეწიათ. მალევე მათმა ორმა სამხედრო კლუბმა – „რეზერვმა“ და „იმპერიულმა ლეგიონმა“ ხალხის გადაბირება და იმ რუსი მოხალისეების სამხედრო მომზადება დაიწყეს, რომლებსაც დონბასში უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა სურდათ. მებრძოლებს პეტერბურგიდან 5-6-კაციანი ჯგუფებით უკრაინის საზღვრამდე აგზავნიდნენ, რის შემდეგაც „ჰუმანიტარული კორიდორით“ ისინი დონბასსა და ლუგანსკში გადადიოდნენ. გამოცემა „ფოკუსის“ თანახმად, „რუსეთის იმპერიული მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული წვრთნების გავლის შემდეგ, რამდენიმე გერმანელი, ასევე, შვედები და ფინელები, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ჯგუფებს შეუერთდნენ. რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში „იმპერიულ მოძრაობის“ რაზმები ოკუპირებული დონეცკის ე.წ თავდაცვის მინისტრის იგორ სტრელკოვის (გირკინი) ხელმძღვანელობით იბრძოდნენ. იგორ გირკინი დღეს „მალაიზიური ბოინგის“ ჩამოგდების საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. 2014 წელს რუსული სამხედრო ბაზიდან გამოტანილი „ბუკი“-ს მოხვედრის შემდეგ, დონეცკის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.

იმის მიუხედავად, რომ „რუსულ იმპერიულ მოძრაობასა“ და მათ მიერ დაფუძნებულ სამხედრო ბანაკებზე უკვე ბევრია ცნობილი, მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი უბრალოდ მართლმადიდებლური, ეროვნულ-პატრიოტული, მონარქისტული წყობისთვის მშვიდობიანად იბრძვიან. თუმცა, მათი „მშვიდობიანი“ მიზნები და განცხადებებიც კი აჩვენებს, თუ რაოდენ საშიშ ძალას წარმოადგენს ეს წარმონაქმნი. „რუსულ იმპერიულ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ ფედერაციაში რუსი ხალხის „სამი შტო“ უნდა იყოს წარმოდგენილი – რუსები, უკრაინელები და ბელორუსები. მათი აზრით, სლავები ღმერთის რჩეული ხალხია. „ტელეგრამისა“ და „ვკონტაქტეს“ არხების საშუალებითაც და ინტერვიუებშიც რასისტულ განცხადებებს ხშირად ავრცელებენ, ასევე, კონსპირაციულ თეორიად მიიჩნევენ კორონავირუსის პანდემიას და მისი არსებობის არ სჯერათ.
უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისა და 2016-2017 წლებში შვედი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტების გახსენებაც კი საკმარისია იმის გამოსაცნობად, თუ რამხელა საფრთხის მატარებელია რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ასეთი ორგანიზაციები; ფაქტია, რუსული „ბანაკები“ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამას გარდა, როგორი ირონიულია, რომ იმ სახელმწიფოს მემკვიდრე, რომელმაც ნაციზმი დაამარცხა, დღეს თავის წიაღში ნეონაცისტებს წვრთნის…

ვარლამ მუშკუდიანი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები