გიორგი გახარია: საქართველო და აშშ არიან სტრატეგიული პარტნიორები და ამ მიმართულებით სულ უფრო კარგი შედეგები გვაქვს
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო განვითარებადი დემოკრატიაა, სტატიკური მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მუდმივი, ყოველდღიური, საკმაოდ სისტემური მუშაობის აუცილებლობა ყველა მიმართულებით, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „პირველი არხის” გადაცემა „თავისუფალი ხედვის” წამყვანის კითხვას დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ წერილებთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რაღაც ნაწილში კრიტიკა იყო სუბიექტური, ზოგჯერ საფუძვლიანიც, თუმცა არსებობს მუდმივი კომუნიკაცია, რასაც პარტნიორები შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურ ცხოვრებაში ყოველდღიურად ვხვდებით, შეხება გვაქვს დემოკრატიზაციის მიმართულებით ქვეყნის განვითარების ყოველდღიურ შედეგებთან, იქნება ეს მედია, ბიზნესის კეთება, გამოხატვის თავისუფლება თუ კიდევ ბევრი რამ, ეს ჩვენთვის ნორმალურია, მაგრამ გარკვეული პერიოდი ჩვენ მოგვიწევს ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად ამის ახსნა ჩვენი პარტნიორებისთვის, რადგან იქ ქვეყნის სხვადასხვა „მეგობრები” ჩადიან და აბსოლუტურად არასამართლიანი აზრები და იდეები ჩააქვთ. ამიტომ, ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, კრიტიკა იყო საკმაოდ სუბიექტური, ჩვენ ამას ვუხსნიდით და შემხვედრი გაგებაც ყოველთვის მოდიოდა. ეს არის სამუშაო პროცესი. სტრატეგიულ დონეზე საქართველო და აშშ-ი არიან სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნის ფუნქცია აქ, ამ რეგიონში, ამერიკის და დასავლეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის სულ უფრო და უფრო გაიზარდოს და მერწმუნეთ, ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად გვაქვს. ამ მიმართულებით სულ უფრო და უფრო კარგი შედეგები გვაქვს. თავი რომ დავანებოთ ყველაფერს, მარტივი მაგალითებია, 2019 წელი იყო საქართველოს თავდაცვის სისტემასა და ნატოსა და სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს შორის ერთობლივი ღონისძიებების – წვრთნების რაოდენობით საუკეთესო წელი. პირველი წელი იყო, როდესაც ქართველ გენერალს მიეცა შესაძლებლობა, ნატოს წვრთნებში, როგორც ხელმძღვანელს მიეღო მონაწილეობა. ეს იცით რამხელა ნდობას ნიშნავს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის?! რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები იბადება, ესეც უნდა გვესმოდეს. აქ მთავარია ის, რომ შეიძლება ჩვენ გაგვაკრიტიკონ, მაგრამ თქვან, რომ საქართველო იყო, არის და რჩება სტრატეგიულ პარტნიორად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.