გიორგი დოხტურიშვილი: ხანძრის შედეგად დაზარალებულ, ბაზრობის მოვაჭრეებს საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ
ვარკეთილის შერეული ტიპის ბაზრობის ტერიტორიაზე გუშინ გაჩენილ ხანძარსა და დაზარალებული მოვაჭრეების საკითხს თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი დოხტურიშვილი გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლა და დაზარალებულების იდენტიფიკაცია. როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, მათ დასახმარებლად, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმი გაკეთდება.
„მიმდინარე პანდემიის კრიზისის ფონზე, ძალიან მძიმეა, როდესაც კერძო სექტორში დასაქმებულებს, კერძოდ, მოვაჭრეებს დამატებითი, წინასწარ გაუთვლელი ზიანი ადგებათ. ჩვენი მიზანია ამ რთულ ეტაპზე მათი გვერდით დგომა. რაც შეეხება დაზარალებულების მდგომარეობის განხილვას – რა თქმა უნდა, ინდივიდურად მოხდება ყველა მოვაჭრის საკითხის შესწავლა”, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
სამგორის რაიონის მაჟორიტარის ინფორმაციით, დღეს ბაზრობის ადმინისტრაციასთან შეხვედრა გაიმართა და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებაც მოხდა.
„პირველ ეტაპზე მოხდება დაზარალებულთათვის ალტერნატიული ფართების მოძიება, სავაჭრო სივრცეების მოწყობა, რითაც მათ საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ. ასევე, მიღწეულია შეთანხმება მეიჯარეების ქირის გადახდაზე. მოვაჭრეები, რომლებსაც ზიანი მიადგათ, ადმინისტრაციასთან ნაკისრი ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან”, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.