მამუკა მდინარაძე: სუს-მა უსერიოზულესი დანაშაული აღკვეთა, რომელიც ქვეყნის არეულობას ისახავდა მიზნად

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უსერიოზულესი დანაშაული აღკვეთა, რომელიც ქვეყნის არეულობას ისახავდა მიზნად.

​„არ შეიძლება, ამ მძიმე დანაშაულის მიზანი მიმართული ყოფილიყო მხოლოდ ერთი ადამიანისკენ. ეს მიმართული იყო სახელმწიფოსკენ, მისი სტაბილურობისკენ და საბოლოო მიზნადაც იმას ისახავდა, რომ ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო. ამის ერთერთი „შემოქმედი“ რუსეთია. ეს უკვე დადასტურებულია და ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სხვაა, ვის ინტერესებში ჯდება ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი. ვინც მისმენს, თითოეული ადამიანი, ალბათ, დასკვნას თავის თავთან გააკეთებს. მგონი, ბევრი კამათი ამ თემას არ სჭირდება. მე საუბარი არსაითკენ არ მიმყავს. აქ 100%-იანი სიზუსტით ინფორმაცია შეიძლება, მეც არ მქონდეს, მაგრამ ერთი მხარეა, ეს ქმედება საიდან დაიგეგმა და მეორე მხარეა – ვის აწყობდა, ვის ინტერესებში ჯდებოდა. ეს ინტერესების თანხვედრა შემთხვევითი არ არის, უბრალოდ, ინტერესების დამთხვევაა თუ რა არის, ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს და წინასწარ რაიმე განცხადებების გაკეთება არ შეიძლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას  რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული – ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები