ალექსანდრე ბარამიძე: ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებს 2-3 დღეში დაასახელებს
პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია თბილისის მასშტაბით მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებს უახლოეს დღეებში დაასახელებს. ამის შესახებ ბარამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უახლოეს მომავალში, 2-3 დღეში ოპოზიცია, დიდი ალბათობით, გამოაცხადებს შეთანხმებას თბილისის მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. დიალოგი მიმდინარეობს ძალზე ინტენსიურად, კონსტრუქციულად. ჩემი აზრით, დიდი ალბათობით, თბილისის ოლქებში ოპოზიციას ეყოლება საერთო, შეთანხმებული კანდიდატები. ეს კანდიდატები იქნებიან სხვადასხვა პარტიიდან. დიდი ალბათობით, ამას მხარს დაუჭერს ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა . მე არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. დაველოდოთ, 2-3 დღეში ეს გამოცხადდება.
არავის უთქვამს, რომ შეთანხმება მარტო თბილისის ოლქებზე იქნება და არ იქნება რეგიონებზე. იდეა არის ის, რომ ოპოზიცია მთლიანად შეთანხმდეს ყველა მაჟორიტარულ ოლქზე, უბრალოდ, თბილისით ვიწყებთ. როცა შეთანხმება იქნება თბილისზე, დარმწუნებული ვარ, რეგიონებზე შეთანხმება უფრო მალე და იოლად იქნება მიღწეული“, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
თამუნა შეყილაძე