„თუ გერმანიაში გვიკბენს ძაღლი, შეიძლება, უბრალოდ ჭრილობა დავიმუშაოთ, საქართველოში ამის ფუფუნება არ გვაქვს“, – არის, თუ არა საგანგაშო თბილისში ცოფის ვირუსის დაფიქსირება

თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი აღმოაჩნდა. ამასთან დაკავშირებით დღეს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ ისაუბრა. მისი თქმით, სააგენტო ცოფთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორციელებს.

„ერთ ძაღლთან დაფიქსირდა ცოფი. იმ ეზოში თამაშობდა ათეულობით ბავშვი, ცხოველები იკვებებოდნენ ერთი ჯამიდან. ასეც რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ვერ წავალთ რისკზე. ჩვენი უპირველესი ამოცანაა მოსახლეობისა და სხვა ჯანმრთელი ცხოველების დაცვა. ადგილობრივი მოსახლეობა იქნა გაფრთხილებული. ვისაც პირდაპირი შეხება ჰქონდა ცხოველებთან, ისინი აიცრებიან ცოფზე პრევენციის მიზნით. პატრონიანი ცხოველებიც აიცრებიან, რომლებიც იმ უბანში სახლობენ და მოძრაობენ. ეს პროცეუდურები უფასოა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, განგაშის საფუძველი არ არსებობს.

“არაფერია საგანგაშო, განსაკუთრებული არ ხდება ისეთი, რაც ადრე არ ხდებოდა. ჩვენი სააგენტო ყოველ წელს 10-ზე ნაკლებ შემთხვევას აფიქსირებდა სხვადასხვა კატეგორიაში. ძალიან საყურადღებოა, რომ გასული წლის დეკემბერში, ასევე, მიმდინარე წელს თითო-თითო შემთხვევა პატრონიან ძაღლებშიც დაფიქსირდა. სამწუხაროდ, მათ რამდენიმე თვით გადააცილეს საკუთარი ცხოველის ვაქცინაცია და მივიღეთ სამწუხარო შედეგები. საქართველო შედის იმ 150-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ცოფი ენდემური პრობლემაა. სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ 100 %-ით ფატალურია, მაგრამ იქამდე, ვაქცინაციის შემთხვევაში 100 %-ია იმის ალბათობა, რომ ამის პრევენცია მოხდება .
კანონი გვავალდებულებს, რომ ყოველწლიურად ავცრათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ ხდება ცოფის გადაცემა. ეს არის 3 მიმართულება: დაკაწვრა, დადორბვლა და დაკბენა. სამივე შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმ- რაბიოლოგს. სანამ ექიმთან მივალთ, პირველი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება მალე წყლითა და საპნით მოხდეს ჭრილობის დამუშავება, რომ შემცირდეს ინკუბაციის რისკები და ცოფის ვირუსის მასა შემცირდეს, თუ ორგანიზმში მოხვდა.
ინკუბაცია შეიძლება, მიმდინარეობდეს თვეების განმავლობაში შეიძლება, 1 წელზე მეტიც, ასეთი შემთხვევებიც დაფიქსირებულა. ინკუბაციის პერიოდი დაკავშირებულია იმასთან, თუ სად მოხდება დაკაწვრა, დადორბვლა ან დაკბენა. მაგალითად, თითებისა და სახის არეში განსაკუთრებით საშიშია  გამომდინარე იქედან, რომ აქ ნერვული დაბოლოებების დიდი რაოდენობაა.
თუ გერმანიაში გვიკბენს ძაღლი, შეიძლება, უბრალოდ ჭრილობა დავიმუშაოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ, საქართველოში ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს, საქართველოში დამატებით რისკებს ვაწყდებით და აუცილებელია ექიმთან მიმართვა“, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივნისს, მოქალაქის ინიციატივით, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #39–დან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლი გადაიყვანეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ცოფის ვირუსის კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდა.

„ცხოველის ლეტალობა 9 ივნისს დაფიქსირდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად, ცოფის ვირუსის არსებობა დადასტურდა”, – აცხადებენ სააგენტოში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები