“არ გამიკვირდება, რომ გიორგი გახარია იყოს სიის პირველი ნომერი, ამ კრიზისში თუ ვინმემ გამოავლინა კარგი მენეჯერული თვისებები, ეს იყო პრემიერი”

“არ გამიკვირდება, რომ გიორგი გახარია იყოს სიის პირველი ნომერი. დღევანდელი მდგომარეობით, ამ კრიზისში თუ ვინმემ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და გამოავლინა კარგი მენეჯერული თვისებები, ეს პრემიერმინისტრი იყო”,- ამის შესახებ ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისივე თქმით, პანდემიიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი გადარჩეს.

“ქართული ოცნება” ნამდვილად არ ჰგავს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შინ წასვლისთვის ემზადება…
ფაქტია, რომ “კოვიდ-19”-მა ბევრი პროცესი გააჩერა, მათ შორის – პოლიტიკურიც. ისიც ფაქტია, რომ კრიზისის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველომ ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით წარმატებით გაიარა. ხელისუფლებას ჰქონდა ბევრი საინტერესო ინიციატივა, ქმედება, რაც დასაფასებელია. ცხადია, ეს არის პლუსი და მნიშვნელოვანი შენატანი საარჩევნო კალათაში, მაგრამ არჩევნებამდე კიდევ არის დრო და საკითხავია, როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები. ერთია პანდემიის მართვა, მაგრამ მეორეა მისი პოლიტიკური კაპიტალიზაცია და ეკონომიკასთან დაკავშირებულ დიდ გამოწვევებთან გამკლავება… პარლამენტმა ახლახან იმსჯელა კრიზისულ ბიუჯეტზე. უმნიშვნელოვანესია, როგორ მოხერხდება რესურსების მოზიდვა და განაწილება. ასევე მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში გადარჩეს მცირე და საშუალო ბიზნესი. უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოს ძლიერების საფუძველი სწორედ ამ სეგმენტის ძლიერებაა.

ქვეყანაში ეს შავ-თეთრი პარადიგმა, ანუ “ოცნება” ან “ნაციონალები”, სამწუხაროდ, ისევ რჩება. კარგა ხანია, ამ ტექნოლოგიის მომსწრენი ვართ, რასაც ხელისუფლება აქამდე კარგად იყენებდა და დღესაც იყენებს… სამწუხაროდ, იზრდება იმ ამომრჩევლის რაოდენობა, რომელიც მთელი პოლიტიკური სპექტრით უკმაყოფილოა, მაგრამ იძულებულია, გააკეთოს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ეს კონკრეტულ პოლიტიკური პარტიისთვის კონკრეტული მომენტში შეიძლება წარმატების მომტანი იყოს, მაგრამ ძალიან ცუდია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და, ზოგადად, პოლიტიკური პროცესისთვის. პარტიები იმაში კი არ უნდა ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ უფრო ცუდია, არამედ იმაში, ვინ უკეთესია და ვის აქვს უფრო პოზიტიური დღის წესრიგი. ჩვენ ჯერჯერობით კვლავ ვხედავთ კომპრომატებით ომს, მხარეთა ნაკლოვანებებზე ლაპარაკს და ა.შ.

ოპოზიციის სისუსტედ რჩება არა მხოლოდ დაქსაქსულობა, არამედ გამაერთიანებელი იდეის შეთავაზების პრობლემაც. არ მგონია, ქართველი საზოგადოება კიდევ გაერთიანდეს ბელადის ირგვლივ. ვფიქრობ, ბელადომანიის ეტაპები უკვე გავიარეთ. დღეს ჩვენი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ეროვნული თანხმობის იდეით, ამიტომ დიდ ფორას მიიღებს ის, ვინც ამას მოახერხებს. ამის ცდა იყო, მაგრამ წარმატებით ვერ დასრულდა, თუმცა კიდევ არის დრო, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ამაზე იმუშაონ. ეს ეხება “ქართულ ოცნებასაც”…ოპოზიციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ სწორად დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები, ძალაც და შეცდომებიც”,- განმარტავს ექსპერტი.

კითხვაზე – “ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურად აპირებს ქართულ პოლიტიკურ პროცესში ჩართვას და ბრძოლას. მან მოუწოდა ოპოზიციას, ერთი სიით წავიდეს არჩევნებში და ასე დაუპირისპირდეს მმართველ პარტიას”, ფხალაძე პასუხობს, რომ არ შეიძლება ადამიანი ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკაში იყოს ჩართული.

“არ შეიძლება ადამიანი ერთდროულად იყო რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკაში, მით უფრო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ და ამ ქვეყანაში თანამდებობაც გაქვს. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება უკრაინის თანამდებობის პირი საქართველოში ბრძოლის პირველ ხაზზე იყოს. მოქმედი კანონმდებლობით ეს აკრძალულია.
ცხადია, გაერთიანებულ ოპოზიციას მეტი შანსი ექნება, ვიდრე – დაქსაქსულს… იდეა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ მისი განხორციელება ძალიან საეჭვოა. არ მგონია, დღეს ოპოზიციური სპექტრი მზად იყოს ამ ნაბიჯისთვის. ვფიქრობ, ეს კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმაც. როგორც წესი, ასეთი რამ წინასწარი კონსულტაციის გარეშე არ ხდება. ჯერ იმართება კონსულტაციები და შეთანხმების შემდეგ ახმაურებენ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში კი პირიქით არის და ინიციატივა სიურპრიზი აღმოჩნდა… თუმცა, ვნახოთ… ოპოზიცია მაჟორიტარებზე მაინც თუ შეთანხმდა, მაშინ შეიძლება საუბარი უფრო მჭიდრო კოორდინაციაზეც გაგრძელდეს.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” საარჩევნო სიას, არ გამიკვირდება, რომ გიორგი გახარია იყოს სიის პირველი ნომერი. დღევანდელი მდგომარეობით, ამ კრიზისში თუ ვინმემ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და გამოავლინა კარგი მენეჯერული თვისებები, ეს იყო პრემიერ-მინისტრი… რაც შეეხება გადახალისებას, არ ვიცი, ამას როგორ აპირებენ, თუმცა მთავარი გვარების კი არა, იდეის შეცვლაა… საზოგადოება უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება. ლაპარაკი გვარებზე კი არ უნდა იყოს, არამედ იმაზე, როგორია ამ გუნდის მიმართ ნდობა და რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები… რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი თავისი ფინანსური რესურსით ამ პარტიის ძლიერი მხარეა. “ქართული ოცნების” რეიტინგი ბიძინა ივანიშვილთან ერთად და მის გარეშე ძალიან განსხვავებულია, მაგრამ, ამავდროულად, ეს არის სუსტი წერტილიც. გვარებს არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ამომრჩეველი გვარებისგან კი არ ელის პასუხებს, არამედ აინტერესებს, რას შესთავაზებს ადამიანი, ვინც სიაში ამ გვარებს შეცვლის”, – აცხადებს ექსპერტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები