“არაფორმალური მმართველობაა, რასაც სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ აკეთებს”
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი არაფორმალურ მმართველობასთან გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პარტიის თავმჯდომარე კი არ არის არაფორმალური ლიდერი, არამედ არაფორმალურ მმართველს მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, რომლის მოქმედებებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული.
„რაც შეეხება შეფასებებს არაფორმარულ მართველობასთან დაკავშირებით, ავღნიშნავ, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, ის არ არის არაფორმალური ლიდერი, ის არის ფორმალური ლიდერი. არაფორმალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც რომან გოცირიძეს ურეკავს, იგი არც საქართველოს მოქალაქეა და არც ნაციონალურ მოძრაობასთან აქვს ფორმალური კავშირი, მაგრამ ის ერთვება კონკრეტულ ტელევიზიაში და მოძღვრავს თავის „კლასტერს”, თუ როგორ გადააყირავოს ეს ქვეყანა. ეს არის არაფორმალური მმართველობა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებთან არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ურთიერთობების ნიშნული, რაც დღეს არის, არასდროს ყოფილა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ისეთ ნიშნული, როგორიც ახლა არის, არასდროს ყოფილა. ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი ინსტიტუციები, რომლებიც ამ პროგრესშია ჩართული, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა. ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება”, რომლის თავმჯდომარეც ბიძინა ივანიშვილია, ის, როგორც ამ მმართველი ძალის ლიდერი, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაში, მმართველ ძალას ხელმძღვანელობს”, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.