„გლეხის პორტრეტი“ – ქეთევან იაშვილის კოლექციიდან

სანამ მუზეუმი დაკეტილია, თელავის ისტორიული მუზეუმი მნახველს საკუთარი ფონდების დისტანციურად გაცნობის საშუალებას აძლევს.
ამჯერად ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს ქეთევან იაშვილის კოლექციიდან ფერწერულ ტილოს სახელწოდებით – „გლეხის პორტრეტი“ (65X53), რომლის ავტორია მე-19 საუკუნის რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი, პორტრეტისტი და ჟანრისტი – ნიკოლოზ იაკობის ძე გროტი /1852-1899/.
მხატვარი ხატვის ხელოვნებას დაეუფლა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, იყო მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი 1884 წლიდან. ბევრს მოგზაურობდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში და მათი გაუსაძლისი ყოფა – ცხოვრება გადმოჰქონდა ტილოზე. სწორედ ამას ასახავს ქეთევან იაშვილის კოლექციაში წარმოდგენილი მისი ფერწერული ტილო – „გლეხის პორტრეტი”.
„პორტრეტი გამოსახულია შუქ-ჩრდილის ფაქიზი დაპირისპირების ფონზე. მისი ცქერის დროს, გებადება ისეთი გრძნობა, რომ მხატვარი ქმნის მამაკაცის მეტად მეტყველ სახეს, სადაც პორტრეტის ფსიქოლოგიური წვდომა, მისი ცხოვრებისაგან გატანჯული სახის გამომეტყველება, განსაკუთრებით კი უზომოდ ნაღვლიანი, და ამავე დროს ცრემლიანი თვალები პორტრეტს მეტ დამაჯერებლობას სძენს, რაც ამ ნამუშევარს პორტრეტებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე აყენებს.
ამდენად, მხატვარი თბილი ფერებით შეეცადა, ეჩვენებინა ცხოვრებისაგან გატანჯული, სიდუხჭირეში მყოფი გლეხი კაცის ბედი, რომელიც მაინც არ ეგუება ყოველივე ამას და ცხოვრების გასაგრძელებლად მხარზე ზურგჩანთა მოგდებული ჯიუტად მიუყვება უკეთესი მომავლის გზას.
ცხოვრების სიდუხჭირისაგან გატანჯული სახე მხატვარს მთელი თავისი არსებით აქვს გადმოცემული, რაც მნახველში დიდ აღფრთოვანებასა და მოწონებას იწვევს“, – არნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები