ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყება: ფხენიანისა და ვაშინგტონის ურთიერთობაში “სწრაფად პროგრესირებადი გაუარესებაა”
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლი სონ გვონმა ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის ორი წლის წინანდელი სამიტი შეაჯამა და თქვა, რომ ამჟამად ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა უიმედოა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ამჟამად ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობაში “სწრაფად პროგრესირებადი გაუარესება” შეინიშნება.
“ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი, რომელიც არსებობდა ორი წლის წინ და საყოველთაო ყურადღებას იქცევდა, უიმედობას დაუბრუნდა, რომელიც მზარდი გაუარესებით ხასიათდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი შეხვედრა 2018 წლის 12 ივნისს სინგაპურში შედგა, რომლის შედეგად იქნა ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ფხენიანს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას ავალდებულებდა. თავის მხრივ, აშშ-ს ფხენიანისთვის დაწესებული სანქციები უნდა მოეხსნა.
ამის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა კიდევ ორჯერ გაიმართა, თუმცა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.
2020 წლის იანვარში ტრამპმა კიმ ჩენ ინს დაბადების დღე მიულოცა, თუმცა ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის პირველი პირების კარგი ურთიერთობა დიალოგის გაგრძელებას არ ნიშნავს.