11 ივნისი მორის ფოცხიშვილის დაბადების დღეა
11 ივნისი ქართველი პოეტის, მორის ფოცხიშვილის დაბადების დღეა. მას 90 წელი შეუსრულდებოდა.
დაიბადა 1930 წლის 11 ივნისს თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.
მორის ფოცხიშვილის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1950 წელს, 1981 წელს გამოვიდა ერთტომეული.
1959 –1965 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნებაში“. 1979-1982 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, 1983-1987 წლებში – გამომცემლობა „ნაკადულის“ დორექტორი. მუშაობდა წიგნის პალატის დირექტორად.
პირველი პოეტური კრებული – „ალუბლები წვიმაში“ გამოიცა 1957 წელს. მას მოჰყვა კრებულები: „ხმა“, „რწმენა“, „შენითა“, „შენ სიყვარულო, შენ“, „სანთელ-საკმევლისა“ და მრავალი სხვა.
მორის ფოცხიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც. მან თარგმნა სერგეი ესენინის, ნიკოლოზ ტიხონოვის, ბორის პასტერნაკის, ანდრეი ვოზნესენსკის, ევგენი ევტუშენკოსა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინელ, ბელორუს და მოლდაველ პოეტთა ლექსები.
მორის ფოცხიშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე.
იგი ლაურეატია ნიკოლოზ ოსტროვსკის, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, ოვანეს თუმანიანის სახელობის… პრემიებისა. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიები, აგრეთვე – ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი.
მორის ფოცხიშვილი გარდაიცვალა 1993 წელს. დაკრძალულია მცხეთაში დედათა მონასტრის ეზოში, თავისი ანდერძისამებრ.