ვახტანგ ჭელიძის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა

ნომადი ბართაია

დღეს ქართველი მწერლის, მთარგმნელის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ვახტანგ ჭელიძის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა.
პოეტი და მთარგმნელი ნომადი ბართაია ფეისბუქის გვერდზე  ასე იხსენებს მას:
„დიდი ხნის წინანდელი ამბავია. „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქტორი იყო ვახტანგ ჭელიძე. მაშინ სულ სამი ლიტერატურული ორგანო გამოდიოდა: გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ და ჟურნალები: „ცისკარი“ და „მნათობი,“ შემდეგ დაემატა „ნობათი,“ რომლებშიც მოხვედრა არც ისე ადვილი იყო, მით უფრო ახალგაზრდა შემოქმედისთვის.
ჯურნალ „ცისკარსა“ და „მნათობში“, რომლებიც თვეში ერთხელ გამოდიოდა, მასალის მოწონების შემთხვევაში, წლობით გიწევდა ლოდინი, ხოლო „ლიტერატურულ საქართველოში,“ რადგან თვეში ოთხჯერ – თვეობით.
რას ვკარგავ-მეთქი და მივიტანე ლექსები გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში,“ ასე ვთქვათ, ქუჩიდან, ყოველგვარი ნაცნობ-ახლობლობისა და რეკომენდაციის გარეშე.
და აი, სასწაული: ორი კვირის თავზე, გავშალე გაზეთის მორიგი ნომერი და ვხედავ, ჩემი ლექსებია დაბეჭდილი. თვალი ამიჭრელდა, დავკეცე და ისევ გავშალე გაზეთი, ხან ახლოდან დავხედე და ხან შორიდან იმ გვერდს, რომელმაც თვალი ამიჭრელა – აშკარად ჩემი ლექსები იყო.
დღეს ამ დიდი შემოქმედისა და ადამიანის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული“, – წერს ნომადი ბართაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები