პრემიერი: სომხეთს სამედიცინო პერსონალით დავეხმარებით
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი დავალება ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიეცა.
„გვმართებს ურთიერთთანადგომა, მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. მე პირადად ყოველდღიურ პირად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან ისევე, როგორც კოლეგები, ჯანდაცვის, ეკონომიკის მინისტრები, ყველა, საგარეო საქმეთა მინისტრი და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენ მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია, გაუწიოს მეზობელ სომხეთს. როგორც ჩანს, ეს, პირველ ყოვლისა, იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.