რისმაგ გორდეზიანი: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მთელი ჩემი ცხოვრებაა“

9 ივნისს 80 წელი შეუსრულდა ქართველ მეცნიერს, ფილოლოგს, აკადემიკოსს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორს, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ნეოგრეცისტიკისა და ბიზანტინისტიკის ინსტიტუტის დამაარსებელს, რისმაგ გორდეზიანს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფეისბუქგვერდით ულოცავს მეცნიერს ამ იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და ძალიან დიდხანს უნივერსიტეტისთვის, სტუდენტებისა და ზოგადად მეცნიერებისთვის აქტიურ და საინტერესო მოღვაწეობას.
რისმაგ გორდეზიანი:
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრებაა. აქ გავატარე უკვე თითქმის სამოცი წელი. არასოდეს გადავსულვარ აქედან სხვა სამსახურის პრივილეგიებს დახარბებული სადმე სამუშაოდ.
აქ ჩამოყალიბდა ჩემი პედაგოგიური და სამეცნიერო კარიერა, აქ ვისწავლე სხვადასხვა ასაკისა და სპეციალობის, სხვადასხვა ხასიათისა და ტემპერამენტის ადამიანებთან ურთიერთობა, აქ გავატარე ყველაზე უფრო მშფოთვარე და ყველაზე სასიხარულო დღეები, აქ მქონდა ბედნიერება, მესწავლა ჩვენი რჩეული პროფესორებისგან და შემდეგ თავადაც მესწავლებინა როგორც უნივერსიტეტის ლექტორს, აქ შევიძინე მეგობრები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მხარში მიდგანან, აქ შემახვედრა განგებამ ჩემს მომავალ მეუღლეს“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები