ე.წ. უშიშროება საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გალთან 6 ივნისს დაკავებული, საქართველოს სამი მოქალაქის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უშიშროების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

ე.წ.უწყების განცხადებით, 1990 წელს დაბადებული კვირკვია ბუთხუზი, 1987 წელს დაბადებული ლამანძია მიხეილი და 1992 წელს დაბადებული ლამანძია მათე ე.წ.სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის არიან დაკავებულები.

აღინიშნება, რომ სამივე მათგანის წინააღმდეგ აღძრულია ე.წ. სისხლის სამართლის საქმე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის 324 მუხლის მეორე ნაწილით, რაც “პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას” გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ე.წ.უწყების ინფორმაციითვე, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

საქართველოს სამი მოქალაქის დაკავება სოფელ ფახულანის ლანჯისის უბანსა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვართან მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები