ივანე მაჭავარიანი: ბიუჯეტში ძალიან მკაფიოდ გაიწერა, რომ „კოვიდის“ ფონდის თანხა შეიძლება, მხოლოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებს მოხმარდეს
“ანტიკრიზისული ბიუჯეტის მთელი ფილოსოფია იყო, რომ ის ხარჯები, რომლებიც არარელევანტური გახდა პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად შეგვემცირებინა. ასევე, მოგვეძიებინა ხარჯები ჩვენი დონორი ორგანიზაციების მხრიდან, პარტნიორებისგან და ამ რესურსის ხარჯზე რამდენიმე პროგრამა შეგვექმნა”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„თქვენ გქონდათ ბოლო კვირების განმავლობაში საშუალება, რომ სათითაოდ გაგევლოთ ეს პროგრამები. პირველ ყოვლისა, ეს იყო საკმაოდ მსხვილი სოციალური დახმარების პაკეტი. ამის შემდეგ იყო ბიზნესის მხარდამჭერი პაკეტი, თავისი საგარანტიო ფონდით და ასე შემდეგ. ამის შემდეგ იყო ცალკე პაკეტი სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ღონისძიებების და სულ ბოლოს იყო დეველოპმენტის სექტორის მხარდამჭერი ღონისძიებები. სწორედ ამ მიმართულებების ერთობლიობა ქმნის იმ ახალი ხარჯების ნუსხასა და იმ ახალი ხარჯების მიმართულებას, რომელიც ჩვენ დავაფინანსეთ. ერთი მხრივ, შევამცირეთ არსებული ხარჯები, რომელზეც ვთქვით, რომ აღარ არის რელევანტური ან აღარ არის პრიორიტეტული ამ ეტაპზე და რაც დაგვაკლდა, მოვიზიდეთ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან. ზოგადად, ეს არის სურათი. რაც შეეხება „კოვიდ“ ფონდში აკუმულირებულ და მობილიზებულ თანხებს. ძალიან მკაფიოდ გაიწერა და ითქვა ბიუჯეტში, იქ არის ასეთი ჩანაწერი, რომ ის შეიძლება, მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ „კოვიდთან“ ბრძოლის ღონისძიებებს ან „კოვიდის“ შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციასა და ანაზღაურებას. ანუ, მიზნობრიობა შენარჩუნებულია. უფრო მეტი კონკრეტიკა მთავრობის დადგენილებით იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.