ჩეხეთმა ე.წ. რიცინის საქმეზე რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
ჩეხეთის მთავრობამ ქვეყნის რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.
ქვეყნის პრემიერის, ანდრეი ბაბიშის თქმით, აღნიშნული ე.წ.რიცინის საქმეს უკავშირდება.
“სუვერენული სახელმწიფო ვართ და მსგავსი აქციები ჩვენთვის მიუღებელია. ასეთ ვითარებაში გადავწყვიტეთ, რომ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად იყოს გამოცხადებული”, – თქვა პრემიერმა.
ჩეხეთში მომწამვლელ ნივთიერებასთან, რიცინთან დაკაშირებული სკანდალი 26 აპრილს გამოცემა Respekt-ში გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა, სადაც იყო ნათქვამი, რომ ქვეყანაში დიპლომატიური პასპორტის მქონე, რუსეთის მოქალაქე ჩავიდა, რომელსაც თან “რიცინი” ჰქონდა.
ინფორმაციის თანახმად, ნივთიერება პრაღის მე-6 რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანლისა და ქალაქის მერის მოსაწამლად იყო განკუთვნილი. ჩამოსული მოქალაქის სახელია ანდრეი ვიქტოროვიჩი, რომელიც, მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში 14 მარტს ჩავიდა.
Seznam-ის ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა პოლიცია 6 აპრილს გააფრთხილეს, რომ ქვეყანაში აგენტი იმყოფება, რომელიც ჩინოვნიკებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ჩეხეთის სპეცსამსახურის ინფორმაციით, ანდრეი ვიქტოროვიჩ კ. არის რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი და ქვეყანაში უკვე მრავალი წელია მუშაობს,თუმცა დიპლომატიურ თანამდებობას მხოლოდ ორი წელია იკავებს.
მედიის ინფორმაციით, მამაკაცი მოსკოვშია დაბადებული, მას ბირთვული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.