CryptX IQ GITA-ს 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდის გამარჯვებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანია CryptX IQ-მ ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც “კვირას” ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, კომპანიის მხრიდან თანაინვესტირება 1,250,600 ლარს შეადგენს,  ჯამურად, GITA-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში 1,900,600 ლარი დაიხარჯება. CryptX IQ-მ გრანტი ინოვაციური კრიპტოსავაჭრო ტერმინალისთვის მიიღო.

“აღნიშნული პროექტი კრიპტო ტრეიდერებისთვის პერსონალიზებული პროგრამული გადაწყვეტილების შექმნას გულისხმობს, რომელიც კრიპტო აქტივების ერთი სივრციდან ეფექტურად და უსაფრთხოდ ვაჭრობისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა. კრიპტო სავაჭრო ტერმინალი ტრეიდერების სხვადასხვა ბირჟაზე დამოუკიდებლად არსებულ ანგარიშებს ერთ გარემოში აერთიანებს და ერთი სივრციდან ერთდროულად რამდენიმე ბირჟაზე ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. დამატებით, ტერმინალში გათვალისწინებულია ავტომატიზირებული ვაჭრობის შესაძლებლობა – „სავაჭრო ბოტები“, რომელიც რთული სავაჭრო სტრატეგიების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. პლატფორმაში ჩაშენებული ანგარიშის მართვის ფუნქციონალი კი ტრეიდერებს პორტფელის მენეჯმენტს უმარტივებს და მათ რეპორტებისა და KPI ანალიზის ამოღების საშუალებას აძლევს”, – ნათქვამია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციაში.

CryptX IQ ორი წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე. მისი საქმიანობა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით ციფრული აქტივების მართვის ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას უკავშირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები