„ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია“ – მეფე ერეკლეს წერილი 5 წლის თეკლასადმი

წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა აქვეყნებს მეფე ერეკლე მეორის წერილს 5 წლის ქალიშვილის – თეკლასადმი.
როგორც გამოქვეყნებულ სტატუსშია აღნიშნული, მეფეს შვილის გასახარად, წერილი ყველა სამეფო ბეჭდით დაუბეჭდავს. სწორედ ამან შემოგვინახა ხუთენოვანი ბეჭედი ქართულ, სომხურ, ბერძნულ, ლათინურ და სპარსულ ენებზე.

წერილის სრული ტექსტი:
„თეკლა ბიჭსა,
თეკლას, მამისა და დედის სიხარულს.
მადლი, წყალობა და მშვიდობა ღვთისა მიერ და ღვთისმშობელისა მიერ და დიდისა მოწამისა ევსტათი საკვირველმოქმედისაგან. სამარადისოდ განმრავლდეს მის ზედა.
თეკლუნავ, ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წიგნი მომივიდა, რომლისგანაც შენ ხომ იცი და გონიერი ქალიცა ხარ, როგორც მიამებოდა და მაამებდა მაგრამ უცხოს ოსტატობით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა, უფრო რომ არაბულს ხელს გემსგავსებინა, მეტის სიღრმისგან ვერა აღმოვიკითხეთ და ვერც არ შევიტყვეთ. შენთვის ახლა პირს კოცნა მომიხსენებია. ჩემ მაგიერად დედაშენმა გაკოცოს. ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია, ხვალ ღვთით კიდემ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს და შაქარს გამოგიგზავნი და თუ ღვთის ნება იქნება ჩვენც წამოვალთ“.
დეკემბრის კთ, ქორონიკონს უჲთ (29 დეკემბერი, 1781 წელი).

წერილი დაცულია ეროვნულ არქივში, ძველ საბუთების დედნების კოლექციაში (1448/189).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები