რა მსგავსებაა ჩერნობილის კატასტროფასა და კორონავირუსის პანდემიას შორის

მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი, 2020 წელი დგებოდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში გამოვლენილი უცნობი ეტიმოლოგიის მქონე პნევმონიის შემთხვევების შესახებ აცნობეს. შემდეგ კი ყველაფერი თითქმის ისე განვითარდა, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს ერთ-ერთი ცნობილ ფილმშია – გვინეტ პელტროუს მონაწილეობით. მალევე, ჩინური ახალი წლის პარალელურად, ამ კორონავირუსმა ნამდვილი ზეიმი მოიწყო და ჩინელებთან ერთად მთელს მსოფლიოში იმოგზაურა.დღეს ბევრი ექსპერტი თუ უბრალო მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრები ან ახლობლები პანდემიამ შეიწირა, დააზარალა, სვამენ კითხვებს-შეიძლებოდა თუ არა კოვიდ-19-ის პანდემიის თავიდან აცილება? რა გააკეთა ჩინეთის ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსოფლიო დაეცვა, გაეფრთხილებინა? 50-მილიონიანი პროვინციის ჩაკეტვა ხომ მხოლოდ მას მერე მოხდა, როცა ქუჩებში დავარდნილი და გარდაცვლილი ადამიანების კადრები მთელს მსოფლიოში გავრცელდა? კი, გული აგვიჩუყეს სოლიდარობის გამომხატველი სიმღერებით ჩაკეტილი უჰანის აივნებიდან, მაგრამ განა ეს დანარჩენი სამყაროსთვის შვება იყო?

საქმე ისაა, რომ ბოლო 10 პანდემიიდან ვირუსის გავრცელების საწყისი წერტილი 4 შემთხვევაში ჩინეთში იყო, მათ შორის არის ახალი კორონავირუსიც. ჯერ კიდევ  2002 წელს  მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) პირველად ჩინეთში დაფიქსირდა. მაშინ გაუფრთხილებლობის შედეგად ვირუსი 37 ქვეყანაში გავრცელდა, დაინფიცირდა 8 000-ზე მეტი ადამიანი, 750 კი დაიღუპა. არასათანადო ყურადღების გამო, ჩინეთის მთავრობამ ამისთვის  კრიტიკა დაიმსახურა. ახლაც, მსოფლიო სამართლიანად ბრაზობს, რადგან დროული რეაგირების, საზღვრების ჩაკეტვისა და გაფრთხილების წყალობით, უამრავ ქვეყანაში უამრავი ადამიანი გადარჩებოდა, არნახული ეკონომიკური კრიზისი არ დადგებოდა. თუმცა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ჯერ კიდევ კომუნისტური პარტიის მიერ იმართება, შიდა ცენზურა, ტოტალური კონტროლი წარმოუდგენელ სიმაღლეებზეა; ქვეყნის მმართველების ამბიციები უზომოა – სტრატეგიის თანახმად, 2049 წელს ჩინეთი მსოფლიოს ნომერ 1-ელი ზესახელმწიფო უნდა გახდეს. სწორედ ამ ამბიციებისა და დანარჩენ მსოფლიოსთან მუდმივი პაექრობის შედეგად, ჩინეთის ხელისუფლებამ დროის გაყვანის ტაქტიკა არჩია  და ინფორმაცია დამალა. მართალია, როცა ევროპაში უკვე პანდემია მძვინვარებდა ჩინელებმა სხვადასხვა ქვეყანას დახმარების ხელი გაუწოდეს და სამედიცინო აღჭურვილობა ან ტესტებიც გაუგზავნეს, მაგრამ ის ტესტებიც რომ უვარგისი აღმოჩნდა? ეს ჩვენც ხომ გვახსოვს?

იმისთვის, რომ დაზარალებული სახელმწიფოების „ისრები“ აიცილონ, ჩინელებმა შეტევაზე გადასვლა დაიწყეს. პროპაგანდისტული მანქანა ამოქოქეს, ახლა მთელს მსოფლიოს ადანაშაულებენ მათ მიწაზე სასიკვდილო ვირუსის ჩატანის გამო, ბუნებრივია, ამერიკა მათთვის ნომერ პირველი მტერი აღმოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ ჩინელებთან ერთად უნისონში მოქმედება დაიწყო რუსეთმაც, სადაც ასევე დიდი ეჭვი არსებობს, რომ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე – აცხადებენ, უფრო ბევრი დაინფიცირებულიც უნდა იყოს. კარგა ხანს საავადმყოფოებში პნევმონიით გარდაცვლილ ადამიანებს კოვიდინფიცირებულად არ აცხადებდნენ. რუსეთში ხელისუფლებამ საერთოდ არ იჩქარა ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა უკვე პანდემიის დროსაც, არც დროული რეაგირებითა და მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენით თავი დიდად არ შეუწუხებიათ. სწორედ იმ პერიოდში ვლადიმერ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების დაკანონების მცდელობით იყო დაკავებული, სახალხო რეფერენდუმი უნდა დაენიშნა და რა დროს საგანგებო რეჟიმი იქნებოდა? მხოლოდ მაშინ, როცა ინტერნეტ ქსელში მასობრივად გავრცელდა ვიდეომიმართვები, კრიტიკულმა მედიამ ინფორმაცია მოიპოვა, ადამიანებმა ხმა ამოიღეს, დაღუპული ადამიანების რიცხვის დამალვაც აღარ გამოდიოდა, კრემლმა საგანგებო ზომების მიღება დაიწყო, ისიც – ნაწილობრივ. სწორედ იმ პერიოდში, რუსეთმა იტალიაში სამხედრო-სამედიცინო ექიმებითა და ეკიპირებით სავსე თვითმფრინავი გაგზავნა-„სიყვარულით რუსეთისგან“, რომელსაც გასაჭირში მყოფი ლომბარდიის ოლქისთვის დახმარება უნდა გაეწია. ამ დროს კი რუსეთის შორეულ რეგიონებში ელემენტარული პირბადეები არ ჰქონდათ, ექიმები ხელისუფლებისგან შველას ითხოვდნენ, კლინიკებში ტარაკნები დარბოდნენ.  „მედიაზონის“ დათვლით, რუსეთში კორონავირუსისგან მინიმუმ 186 სამედიცინო მუშაკი დაიღუპა. სტატისტიკურად, რუსეთში  კოვიდისგან ყოველი მე-15 დაღუპული სწორედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. ეს 16-ჯერ აღემატება იმ 6 ქვეყნის მონაცემებს, რომლებშიც ეპიდემიამ მსგავს მასშტაბს მიაღწია. ამ დროისთვის კი, როცა მთელი რუსეთი კარანტინის ზონად იქცა, კრემლმა ჩინეთის მსგავსად ეს სიტუაციაც ტოტალური კონტროლის გასამყარებლად გამოიყენა. თუმცა, აქაც, როგორც ხშირად ხდება, აბსურდამდე დავიდა. მაგალითად, მოსკოვში რამდენიმე დღის წინ, მერმა სობიანინმა მოსკოველებს 1 ივნისიდან გასეირნების დღეები და საათები დაუწესა. მოსკოვის რაიონების მიხედვით დაყოფილი განრიგით, ადგილობრივებს კვირაში სამჯერ შეეძლებათ ქუჩებში სეირნობა, ისიც – პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. ეს თემა უკვე იქცა სარკაზმის, დაცინვისა და გაოგნების ამოუწურავ წყაროდ.

ის, რომ რუსეთი და ჩინეთი როგორც საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ისევე საგარეო კუთხით თუ დეზინფორმაციული ხერხებით ერთმანეთის მსგავსად მოქმედებენ, ეს ამ პანდემიის ფონზეც კარგად გამოჩნდა. 2020-ში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხრიდან მოქალაქეების კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდა, ჟურნალისტები, ექიმები და ის მოქალაქეები, ვინც  ხელისუფლებას დაუპირისპირდა ან დანარჩენი მსოფლიოსთვის ხმის მიწვდენა სცადა, ან გაჩუმდა, ან უბრალოდ „გაქრა.“ რუსეთში კი მასობრივად იჭერენ ადამიანებს, რომლებიც ჩინოვნიკების უნიათობის შესახებ რამეს წერენ ან ამბობენ და ამას კრემლი „ფეიკ ნიუსებთან“ ბრძოლას უწოდებს. როგორც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ მომზადებულ მასალაშია აღნიშნული – “ჩინეთი სწავლობს რუსეთის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან”. ალბათ, ამიტომაც  ჰგავს ასე ერთმანეთს ამ  ორი კომუნისტური არსის მქონე ხელისუფლებების მავნებლური სახე.

გავიხსენოთ 1986 წელი – ჩერნობილის ატომურმა ელექტროსადგურმა  კატასტროფა  განიცადა. რადიოაქტიური ნივთიერებები ატმოსფეროში გაიფანტა და მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლება სიმართლეს ახშობდა მანამ, სანამ შეეძლო.  ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ იმიჯსა და პროპაგანდაზე ზრუნავდა, ამ დროს კი უამრავ ადამიანს ჯანმრთელობა შეერყა და ბევრიც გარდაიცვალა. ტოტალიტარულ რეჟიმს თავისი ხალხის კეთილდღეობა არ ადარდებდა. აფეთქების შესახებ სიცრუის ტირაჟირების გამო, მსოფლიომ ვერ მოახერხა ადეკვატური დახმარების აღმოჩენა, რამაც სიკვდილიანობა და გარემოს უზარმაზარი ზიანი გამოიწვია.

ძალიან ლოგიკურად შეიძლება პარალელის გავლება  კორონავირუსის გავრცელებასა და ჩერნობილის კატასტროფას შორის – რეაგირების კუთხით. COVID-19-ის გამო ბევრი ადამიანი იღუპება, რადგან რუსეთმა და ჩინეთმა არაფერი თქვეს პანდემიის გავრცელების შესახებ. ინფორმაციის გარეშე ადამიანები ვერ ახერხებდნენ თავის დაცვას ჩერნობილის კატასტროფის დროს, ახლაც იგივე მეორდება. ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების მიუხედავად, რუსეთისა და ჩინეთის ხელისუფლებები ვითარების კონტროლისა და საკუთარი სიძლიერის ილუზიას ქმნიან. თუმცა, მათი ტყუილებისა და მავნებლური პროპაგანდის შედეგად, მსოფლიო პანდემიას მომზადებული ვერ შეხვდა და ამის გამო უამრავი ადამიანი კორონავირუსის მსხვერპლი გახდა.

რეზო სოფრომაძე

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები