„ბავშვის პორტრეტი“ – ქეთევან იაშვილის კოლექციიდან

თელავის ისტორიული მუზეუმი ქეთევან იაშვილის კოლექციიდან ფერწერულ ტილოს – „ბავშვის პორტრეტს“ აქვეყნებს, რომლის ავტორია რუსი ფერმწერი ვლადიმერ მაკოვსკი.
როდესაც მუზეუმი დაკეტილია, მნახველს მისი კოლექციის გაცნობა დისტანციურად შეუძლია..
„იმდენად შთამბეჭდავად აქვს გადმოცემული ბიჭუნას სახე, რომ მნახველში დიდ ემოციებსა და აღფრთოვანებას აღძრავს. პატარა ბიჭუნას სახე მთელი სიცხადითა და დამაჯერებლობით არის წარმოდგენილი. მხატვარი ბავშვის შინაგან ხასიათს მისი თვალთა ცქერიდან მეტად ოსტატურად და უმაღლეს დონეზე გამოხატავს, რაც ტილოს დიდ ეფექტურობას სძენს. ბიჭუნას სახეში დიდი სითბო და სიყვარულია ასახული. მუქ, თბილ ფონზე მოვერცხლისფერო- მოვარდისფერო ტონებშია შესრულებული 1883წელს. ეს ორიგინალი თავისი შესრულების მანერით, ტექნიკით მხატვრის მაღალ პროფესიონალურ დონეზე მიუთითებს“, – აღნიშნულია მუზეუმის ინფორმაციაში.

ინფორმაცია მხატვრის შესახებ:

ვლადიმერ ეგორის ძე მაკოვსკი /1846-1920/ ფერმწერი, გრავიორი. რუსული რეალისტური ხელოვნების, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ჟანრის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ხელოვნების მოღვაწის ე.ი. მაკოვსკის ვაჟიშვილი, მხატვარ კონსტანტინე მაკოვსკის ძმა. 1861-1866 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში. 1882-1894 წლებში აქვე მუშაობდა მასწავლებლად. 1872 წლიდან ”პერედვიჟნიკთა ამხანაგობის” წევრი. 1878 წლიდან – აკადემიკოსი. 1894-1918 წლებში ასწავლიდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1895 წლიდან კი იყო ამავე აკადემიის რექტორი. ძირითადად მუშაობდა მოსკოვსა და პეტერბურგში.
მხატვარი ბევრს მუშაობდა ეტიუდებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა თავისი გმირების განცდებს. იგი იყო საინტერესო პორტრეტისტიც.

სურათზე: „ბავშვის პორტრეტი“, ტილო, ზეთი 30X25,5,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები