ამირან გამყრელიძე: სეროპრევალენტობის კვლევები განსაზღვრული გვაქვს სხვადასხვა ტურისტულ ობიექტსა და მარშრუტზე, შემოდგომაზე კი კვლევის ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით ვგეგმავთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სეროპრევალენტობის კვლევები სხვადასხვა ტურისტულ ობიექტსა და მარშრუტზე ჩატარდება.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით სეროპრევალენტობის კვლევა შემოდგომაზე იგეგმება.
„სეროპრევალენტობის კვლევა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ ბოლნისსა და თელავში ჩატარდა – ბოლნისი, როგორც ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტი და თელავი, როგორც “მწვანე ზონა”. ამ მუნიციპალიტეტებში კლასიკური შემთხვევითი შენარჩევის პრინციპით ჩატარდა და 150-150 მოზრდილ ადამიანს ჩაუტარდა კვლევა ანტისხეულებსა და ანტიგენებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტებით. ბოლნისში ერთ ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო თელავში – არცერთს. ამ ტიპის კვლევები განსაზღვრული გვაქვს სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზე, ტურისტულ მარშრუტზე, რომელიც დატვირთული იქნება, რომ პერიოდულ რეჟიმში ვატაროთ. შემოდგომაზე ჩვენ კლასიკურ სეროპრევალენტობის კვლევას ვგეგმავთ ქვეყნის მასშტაბით ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, სადაც შერჩეული იქნება რამდენიმე 1000 ადამიანი და რომელიც არა სწრაფი ტესტებით, არამედ კლასიკური სეროლოგიური მეთოდით ჩატარდება. მანამდე კი რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და დასახლებულ არეალებში ასეთი, ოპერაციული სეროპრევალენტობის კვლევები იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.