პრემიერი: ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება დახმარება იმაში, რომ დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას
“ჩვენი ძირითადი მოწოდება და ამოცანა არის შემდეგი, პირველი – დავიცვათ წესები, მეორე – ვატაროთ ნიღბები. ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვალდებულია და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გეგმა, რომელიც არის ეფექტური და ეს გეგმა გახლავთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სოციუმში დაბრუნება სწრაფად. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გეგმები, რომლებიც მთავრობას აქვე, ეკონომიკის გახსნის, ტურიზმის გახსნის, ყველაფერი იქნება გაკეთებული უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად.
„ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება დახმარება იმაში, რომ დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და მერწმუნეთ, რომ ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო კრიზისთან ადაპტაცია, შეძლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, რომ სწრაფად გამოავლინოს, სწრაფად უმკურნალოს და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები. გეგმები, რომლებიც მთავრობას აქვს, ეკონომიკის გახსნის, ტურიზმის გახსნის, ყველაფერი იქნება გაკეთებული უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად. ამიტომ, დავიცვათ წესები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.