როგორ მოვუაროთ ვაზს გაზაფხულზე – ახალგაზრდა მევენახის რჩევები

კახეთში, ვენახში მომუშავე გლეხებს  დღეს ყველგან შეამჩნევთ – ვაზს წელიწადის ამ დროს ე.წ. დაკავება და გასხვლა ანუ ზედმეტი ყლორტების მოშორება სჭირდება.
კავკასიონის ფონზე, მწკრივებად გაშენებულ ვენახში „რეგიონული კვირა“ ახალგაზრდა მევენახეს გადააწყდა, რომელიც მუშა-ხელთან ერთად, ვაზის „დაკავებით” იყო გართული. ლევან ფიცხელაური 34 წლისაა და უკვე წარმატებული, გამოცდილი მევენახეა.
„6 წელია რაც ვენახი ვიყიდე, 2 წლის ახალგაზრდა ვაზი იყო და წელს უკვე, მერვე წელშია და მოსავლიანია. ჩემი ოჯახის ხელში გაიზარდა ეს ვაზი, ფაქტობივად. ძალიან შრომატევადია, შვილივით მოვლა უნდაო, ნათქვამია და მართლაც თუ რამე დააკელი, არაფერი გამოვა. ყველა პროცედურა ზედმიწევნით უნდა გააკეთო, თუ გინდა, რომ შედეგი გქონდეს შემოდგომით“, – უყვება “რეგიონულ კვირას” ლევან ფიცხელაური.
ვენახს წელიწადის ნებისმიერ დროს ერთი და იგივე პროცედურების გავლა უწევს – დაფესვიანება, გასხვლა, ფოთლების შეწამვლა, ნიადაგის დამუშავება, მავნებლებისგან გათავისუფლება და კიდევ უამრავი რამ. ახალგაზრდა მევენახე გგვიხსნის, რომ ვაზს, წელიწადის ამ დროს ე.წ. „დაკავების პროცედურა“ უტარდება, რაც რქების და ლერწმების გასხვლას ნიშნავს და ვაზის სიძლიერისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
ამ ეტაპზე ვენახს ზედმეტი ყლორტები უნდა მოსცილდეს, რომელიც სამომავლოდ არ არის საჭირო და არც რქად არ გამოდგება, რომ გადაკავდეს. ჯობია ისეთი რქები დავტოვოთ, რომელსაც ყურძენი აქვს გამოტანილი რათა ყვავილობის პერიოდში ვაზი გაძლირდეს“, – განმარტა მევენახემ.

ლევან ფიცხელაურის თქმით, მისი ოჯახის ძირითად შემოსავლის წყაროს ვენახი წარმოადგენს და მნიშვნელოვანი იქნება მმართველმა გუნდმა ის რიგი ღონისძიებები გაატაროს, რაც გლეხს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელს გახდის და მომავლის პერსპექტივას შეუქმნის, რადგან მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაკრეფილი ყურძნისგან მიღებული შემოსავალი, მხოლოდ ოჯახის, ბანკის და ვენახის ხარჯებს სწვდება.
„განვითარების შესაძლებლობა ნაკლებად მრჩება, რომ სახელმწიფოსგან და ბანკებისგან დამოუკიდებლად, ჩემივე ფინანსებით, ან მარანი ავაშენო, ან დასამუშავებელი ჰექტარი დავიმატო. კარგია, რომ სახელმწიფომ სხვა წლებთან შედარებით საუბარი დაიწყო ამ მიმართულებით, მაგრამ კარგი იქნება ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში იმუაშაონ, რომ გლეხს ასე ლუკმა- ლუკმა დახმარებები აღარ დაჭირდეს და მეტად გაძლიერდეს“, – აღნიშნა მევენახემ.
გასულ წელს რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე ჩატარდა, ყურძნის ჩაბარების საშუალო ფასი კი 70 თეთრიდან 2 ლარამდე მერყეობდა.

სალომე გრძელიშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები