მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინე სივრციდანაა, 2 კი – ბოლნისიდან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ორი ბოლნისს უკავშირდება.
მისივე თქმით, რვავე პაციენტი მათ ცენტრშია მოთავსებული და არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. მისივე თქმით, 3 მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.
„დღეს დაგვემატა 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 3-ია. ამ 8 დადასტურებული შემთხვევიდან 6 არის საკარანტინე სივრციდან და 2 – ბოლნისიდან. ჩვენს ცენტრშია 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 1 საეჭვო ანტიგენდადასტურებული, რომელიც კონფირმაციას საჭიროებს, ანუ სწრაფი ტესტით დადასტურებულია და დღეს გაკეთდება მასთან PCR კვლევა და ვნახავ შედეგს.
მძიმე პაციენტებთან გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, სამი მძიმე პაციენტის მდგომაროება მკვეთრად გაუმჯობესებულია და შეიძლება საშუალოზე მძიმე ვთქვათ მათ მდგომარეობაზე. დანარჩენი პაციენტების მდგომაროება უცვლელია, უმეტესი მათგანი საშუალო სიმძიმისაა და ძალიან მცირე ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის. 8 ახალ შემთხვევაში ხანდაზმული არ არის, 1 არის 16 წლის. თუ კლინიკურად შევაფასებთ და არსებული რუტინული კვლევებით, არ სცილდება საშუალო სიმძიმეს მათი მდგომარეობა და ვნახოთ, დღეს გაფართოებული კვლევებით, რას მივიღებთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ჯამურად, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს, კოვიდცენტრებში კი, ჯამურად – 158.