გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე: ჩვენ ამ დონაციას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანას ეს ყველაზე მეტად დასჭირდება
“მინდა, აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს” დამსახურება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის მიერ stopcov ფონდში გაწეულ დონაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა ამ დონაციას გამოიყენებს მაშინ, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად დასჭირდება.
მთავრობის მეთაურმა ბიზნესომბუდსმენს stopcov ფონდის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატმა შექმნა მხარდაჭერის ფონდი, რომელშიც ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ფინანსური დახმარების თვალსაზრისით ათასობით ქართულმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი. ეს არის ფონდი, რომელშიც დღეს მობილიზებულია 132 მილიონი ლარი. ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც უაღრესად მწვავე, საჭირო დროს იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა, აქ მინდა, აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს” დამსახურება. ჩვენ ამ დონაციას გამოვიყენებთ სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანას ეს ყველაზე უფრო დასჭირდება. ამ დონაციას აქვს ფინანსური დაზღვევის ყველაზე დიდი მნიშვნელობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.