გენადი მარგველაშვილი: დისტანციური სწავლებისა და “ტელესკოლის” ამოქმედებით შეიქმნა რესურსი, რაც განათლების ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს
“დისტანციური სწავლებისა და “ტელესკოლის” ამოქმედებით შეიქმნა რესურსი, რაც განათლების ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და “ტელესკოლის” საერთაშორისო აღიარებას გაუსვა ხაზი.
„ბატონო პრემიერო, ყველაზე მეტად გეთანხმებით იმ მიმართულებით, რასაც თქვენ კრიზისული გამოწვევის შესაძლებლობა უწოდეთ და რაც ყველაზე მკაფიოდ და ზუსტად ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განახორციელა. ცხადია გამოწვევები არ დასრულებულა, მაგრამ ის რესურსი, რაც დისტანციური სწავლების და ტელესკოლის ამოქმედებით შეიქმნა, გვაძლევს განათლების ფორმების ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ კიდევ დაიხვეწება, მოხდება რა მისი სრული შერწყმა ახალი სკოლის მოდელთან. აღნიშნული ძალის აღიარება მოხდა არაერთგზის, რომელიც აისახა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარჩო დოკუმენტში, კორპორაცია „მაიკროსოფტის” ვიცეპრეზიდენტის გამოსვლებში, გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მიერ და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველო და ფინეთი ამ მიმართულებით პირველ ადგილზე დააყენეს. არის კიდევ მეოთხე შემფასებელი და ეს არის ოპოზიცია, რომელსაც სიტყვაც არ უთქვამს, რაც ერთის მხრივ, ერთგვარი შეფასებაა”, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.