ეკა ლალიაშვილი: ტრანსპორტში დისტანციისა და ხელების დეზინფექციის საკითხი აუცილებლად გასათვალისწინებელია

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრასპორტის ამუშავებისას სოციალური დისტანციის საკითხი აუცილებლად გათვალისწინებელი უნდა იყოს. ამის შესახებ ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ასევე, უმნიშვნელოვანესია, ტრანსპორტში მგზავრებს ხელის დეზინფექციის საშუალება ჰქონდეთ.

„ნამდვილად მისასალმებელია ის გადაწყვეტილება, რაც ძალიან სწრაფად მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამ ტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით, თუმცა აქაც ყველა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
მნიშვნელოვანია, დროულად დაიწყოს საინფორმაციო კამპანია და კომუნიკაცია მგზავრებთან იმისთვის, რომ ზუსტად იცოდნენ, რა წესების დაცვა მოუწევთ. გასაგებია, რომ პირბადეს გამოვიყენებთ, რომ ავტობუსებში განიავება ჰაერის შემოდინებით იქნება და არა –  კონდიცირებით, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ტრანსპორტში დისტანციის საკითხი და ხელების დეზინფექცია. არაფერი თქმულა, ჯერჯერობით და ველოდებით განცხადებას, რომ მძღოლთან ერთად ტრანსპორტში იყოს პირი, ვინც ამ ყველაფერს ადმინისტრირებას გაუკეთებს: რომ მგზავრს პირბადე სწორად ეკეთოს და არა – ნიკაპზე, ასევე, მნიშვნელოვანია უკანტაქტო ბილეთების შეძენა, მგზავრებმა უპირატესობა ბარათით გადახდას უნდა მიანიჭონ და არა – ფულის გამოყენებას“, – აცხადებს ლალიაშვილი.

მისივე თქმით, მიკროავტობუსებში წესები კიდევ უფრო მეტად დასაცავი და გასაკონტროლებელია.

„მიკროავტობუსებს რაც ეხება – აქ მნიშვენლოვანია ისიც, კერძო კომპანიებს რა წესების დაცვა მოუწევთ. შესაძლოა, მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ეს უფრო ეფექტიანად გააკეთოს იმიტომ, რომ სახელმწიფომ იზრუნოს სადეზინფექციო სითხეების შეძენაზე, ტრანსპორტის დეზინფექცია კეთდება და გაგრძელდება, მაგრამ კერძო კომპანიებს რა ვალდებულებები ექნებათ? როგორ მოხდება ამის ადმინისტრირება? – ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იმიტომ, რომ კომპანიისთვის ეს დამატებითი ხარჯი შეიძლება, იყოს. მზად არიან ამისთვის? ეს წინ წამოსაწევი საკითხია.
ავტობუსში უკნოტაქტოდ იღება კარი, შესაძლებელია, რომ ერთი კარიდან ამოვიდნენ მგზავრები და მეორედან ჩავიდნენ. მიკროავტობუსში ეს ასე არაა, უამრავი ადამიანი ამოდის დღის მანძილზე და სახელურებს კიდებს ხელს, ამიტომ ხელის დეზინფექცია უნდა გაკეთდეს. წესები მიკროავტობუსში კიდევ უფრო მეტად დასაცავი და გასაკონტროლებელია“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტში კონდიცირება ჩართული არ უნდა იყოს.
„არავითარ შემთხვევაში  უნდა იყოს კონდიცირება ჩართული და ფანჯრები უნდა იყოს ღია, მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა, ისედაც ჰაერი ფანჯრებიდან ნიავდება“, – განაცხადა კალაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები