თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს მართვის ცენტრიდან მიულოცა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის პროფესიონალურად და ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ქართველ მშვიდობისმყოფელებს სულიერი სიმტკიცე, მისიის წარმატებით დასრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქაბულიდან ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) მეთაური – ოსტინ სკოტ მილერი ჩაერთო და მისიის სახელით თავდაცვის უწყების წარმომადგენლებსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამერიკელმა გენერალმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს მისიის მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და ავღანეთის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრმა, სკოტ მილერს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ მსახური საამაყოა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები