სალომე ზურაბიშვილი: საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და ამდენად შეთანხმებისამებრ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და ამდენად შეთანხმებისამებრ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება.
მისივე თქმით, სწორედ ეს მიდგომები განასხვავებს დემოკრატიულ ქვეყნებს ავტორიტარული ქვეყნებისგან.
“ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რომელიც თავისთავად ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, ჩვენს შემთხვევაში, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი, გადაადგილების უფლება შეიზღუდა მხოლოდ ნაწილობრივ და სადაც აუცილებელი იყო, არ გამოცხადებულა სრული კარანტინი, არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის აღმსარებლობის თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უპირველესი მნიშვნელობა მივანიჭეთ ადამიანის სიცოცხლეს. თვით საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და ამდენად შეთანხმებისამებრ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება. სწორედ ეს მიდგომები განასხვავებს დემოკრატიულ ქვეყნებს ავტორიტარული ქვეყნებისგან. ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ამით და იმით, რომ საზოგადოებამ ბოლომდე გაითავისა შეზღუდვების აუცილებლობა და მოწოდების სიმაღლეზე დადგა. ასეთი დამოკიდებულება განვითარებული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ პარტნიორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ვესაუბრე 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურს, გაეროს, ევროკავშირის, ნატო-ს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, მათ ერთხმად აღიარეს ჩვენს მიერ კრიზისის სამაგალითო მართვა. ამის შედეგია მიღებული ფინანსური დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა, თუმცა ამ წარმატებამ არ უნდა მოგვადუნოს”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.