დავით ჩიხელიძე: მოვიდა დრო, მედიაში “სიძულვილის ენის” აღმოფხვრაზე ვიმსჯელოთ
“მოვიდა დრო, ქართული მედია და ინტერნეტსივრცე მაქსიმალურად გაიწმინდოს “სიძულვილის ენისგან”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, „სიტყვის თავისუფლების” ნიღაბსამოფარებული ადამიანების მიერ სხვათა უფლებები ირღვევა, ამიტომაც უნდა გავითვალისწინოთ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც თითოეული ჩვენგანის უფლების დაცვას უზრუნველყოფს.
„საფრანგეთის პარლამენტმა (ეროვნული ასამბლეა) რამდენიმე დღის წინ საინტერესო და მეტად საჭირო კანონპროექტი მიიღო, საქმე ონლაინმედიაში სიძულვილის ენის შეზღუდვასა და რეგულაციას შეეხება, ონლაინპლატფორმები ვალდებულნი არიან, ამოიღონ ან დაბლოკონ “სიძულვილის ენის” შემცველი მესიჯები საკუთარი პლატფორმებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, რომლის ოდენობამ შესაძლოა, მილიონ ევროს გადააჭარბოს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი რეგულაცია გერმანიამ ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღო. გასათვალისწინებელია, რომ ეს ყველაფერი ხდება შუაგულ ევროპაში, დემოკრატიის მექაში და არა მსოფლიოს მესამე დონის პერიფერიაში. ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით გამოხატვის თავისუფლება ყველასთვის აღიარებულია, თუმცა ეს უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და ის შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას.
რა ხდება ამ კუთხით საქართველოში? საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ეხება აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებებს.
მე-17 მუხლის პირველი პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო”.
მე-2 პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია”. კონსტიტუცია სიტყვის თავისუფლებას უფლებების იმ კატეგორიას განაკუთვნებს, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია, მაგრამ აქვე ამბობს: მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, სხვათა უფლებების დასაცავად”.
მოვიდა დრო, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, დარგის სპეციალისტებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ა.შ. ვიმსჯელოთ, გავმართოთ დისკუსია, ვიპოვოთ ოქროს შუალედი, რათა ქართული მედია და ინტერნეტსივრცე მაქსიმალურად გაიწმინდოს “სიძულვილის ენისგან”, ერთი მხრივ, დაცული იქნას გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი დაცული იქნას სხვათა უფლებები. რადგან ხშირად „სიტყვის თავისუფლების” ნიღაბსამოფარებული ადამიანების მიერ ხდება სხვათა უფლებებს დარღვევა.
გავითვალისწინოთ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც თითოეული ჩვენგანის უფლების დაცვას უზრუნველყოფს”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.