ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის პედაგოგმა, მანონი ახვლედიანმა ხორბლის უნიკალური და უძველეში ჯიშის – ზანდურის მოყვანა 2017 წელს თავის მოსწავლეებთან ერთად დაიწყო. სადემონსტრაციო ნაკვეთებზე დათესილი პირველი მოსავლის აღების შემდეგ, პედაგოგის საქმიანობით საქართველოში და საზღვარგარეთ არაერთი მკვლევარი დაინტერესდა, ამიტომ საქმიანობა გააფართოვა და გადაწყვიტა, ერთი მთლიანი კომლექსი – „ზანდურის სახლი” გაეკეთებინა, სადაც ერთ სივრცეში ტურისტებისთვის საინტერესო ლეჩხუმურ გარემოს შექმნიდა, სოფლის ეკონომიკაც წინ წამოიწევდა და ხორბლის პოპულარიზაციასაც გაზრდიდა.
„რეგიონული კვირა“ პედაგოგს ახლადშექმნილ “ზანდურის სახლში“ ესტუმრა და ხორბლის სამომავლო პერსპექტივით დაინტერესდა.
როგორც მანონი გვიყვება, პანდემიის დროს მოსწავლეებთან კონტაქტს ერიდებოდა, მაგრამ მშვიდად იყო – ყველა მათგანს დასათესად ხორბლის მარცვლები გადასცა და ახლა ისინი თავიანთ საკარმიდამოებში სადემონსტრაციო ნათესებს უვლიდნენ. რამდენიმე დღის წინ მასთან სტუმრად კახეთში მოღვაწე ფრანგი მკვლევრები – მიშელ ბაკერი და ნიკოლას პერნატი ესტუმრნენ.
“ეს მკვლევრები ხორბლის ქართული ენდემური ჯიშების მოყვანით არიან დაინტერესებულნი და კახეთში პურის საცხობიც გააკეთეს, ჩემი საქმიანობის შესახებ რომ შეიტყვეს, დაინტერესდნენ და „ზანდურის სახლში“, სოფელში მეწვიენ“, – უყვება “რეგიონულ კვირას” მანონი ახვლედიანი.
„ზანდურის სახლის“ დიასახლისს ახლადშექმნილ კომპლექსში სადემონსტრაციო ნაკვეთები, უნიკალური ხეხილის ჯიშები, ფუტკრის სკები, სხვადასხვა ჯიშის ვაზი, ლეჩხუმური მარანი და ტურისტებისთვის შექმნილი კომფორტული გარემო აქვს მოწყობილი. პედაგოგმა ყველაფერი საკუთარი შრომითა და სახსრებით შექმნა და დღემდე არცერთი პროგრამითა და პროექტის დაფინანსებით უსარგებლია.
„ჩემი შვილი ძალიან მეხმარება, მაგრამ მაინც ძნელია, ამხელა საქმეს გაუძღვე. ვეცადე, „ზანდურის სახლის“ კომპლექსში მომექცია ყველაფერი – ლეჩხუმური ბეღელი, ზანდურის სახლის ეთნომუზეუმი, ხორბლის მოსაყვანად საჭირო უძველესი შრომის იარაღები, მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც ლამის 3 000 წლის წინანდელია, ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, ჩვენებური ღვინო, აქ მოსულ სტუმარსა და ტურისტს შევთავაზებ არა რაღაც გადაპრანჭულს და ელიტურს, არამედ ლეჩხუმური ცხოვრების წესსა და კულტურას – გლეხურ მასპინძლობას. აქ მე მარტო არ ვიქნები, ჩემი სოფლის მოსახლეობა სხვადასხვა პროფილით ჩაერთვება და ეკონომიკაც გაძლერდება, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი მთავარი მიზნის – უნიკალური ხორბლის ჯიშის, ზანდურის პოპულარიზაციის კლიშეს ქვეშ იქნება”, – ამბობს ფერმერი.
გერმანელმა მეცნიერებმა ხორბლის ქართული ჯიში „ზანდური“ „მომავლის კულტურად“ უკვე აღიარეს, პუბლიკაციებიც ამ თემაზე არაერთ გერმანულ გამოცემაში დაიბეჭდა. მეცნიერთა აზრით, ზანდური უახლოეს მომავალში ხორბლის თანამედროვე ჯიშებს ჩაანაცვლებს, რადგან ამ სახეობას მაღალი იმუნიტეტი ახასიათებს, არის დაბალმოსავლიანი, მაგრამ სელექციისა და შეჯვარების გზით, შესაძლებელია, მოსავლიანობის გაზრდა.
„განსაკუთრებთ მეამაყება, რომ ხორბლის სამშობლო რაჭა-ლეჩხუმია, ამიტომ ენერგიას არ დავიშურებ, რომ კვლავ სიცოცხლე დავუბრუნოთ, არადა, პერსპექტივა დიდია – გერმანელი მეცნიერების აღიარებით, ზანდურზე მსოფლიოს ხორბლის 70 % დგას, მას წინ დიდი მომავალი უდგას“, – ამბობს მანონი.
ახვლედიანების ოჯახი მოსავლის აღებას თვე-ნახევარში ვარაუდობს. ჩვენს კითხვაზე, თუ რა ხდება მოსავლის მიღების შემდგომ, მანონი გვპასუხობს, რომ „ერთი თავთავის“ დათესვის კამპანია წამოიწყო, მარცვლეული საქართველოს მასშტაბით უნდა დაარიგოს, რათა რაც შეიძლება მეტი მოსავალი გაჩნდეს და ხორბალიც მოჯიშდეს.
„ხორბლის სათესი ფართობების გაზრდა შემიძლია, მაგრამ საქმე ეა არის, იცით? მერე რა ვუყო – ვერ ვიშოვე ხელსაწყო, რომელიც ნაყოფს კილადან გამოაცლის, არადა ჯიშის გენეტიკიდან გამომდინარე ნაყოფი ისე ძლიერად ზის კილაში – სპეციალური ხელსაწყოა საჭირო, ჩემმა უცხოელმა სტუმრებმა ინტერნეტით მოიძიეს და აღმოჩნდა, რომ ასეთის შეძენა მხოლოდ გერმანიაშია შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის ფინანსებია საჭირო და სპონსორს ვეძებ“, – გვიყვება ფერმერი.
პედაგოგი პანდემიით ქვეყანაში გამოწვეული ეკონომიკური ზარალის მიუხედავად ფიქრობს, რომ კორონავირუსმა სიკეთეც მოიტანა – “მოვიდნენ ადამიანები, მიწას ამუშავებენ, საქონელი დაიყენეს, ვიღაცას მეღორეობა უნდა, ვიღაცას მესაქონლეობა, ვიღაც კენკრის მოყვანაზე ფიქრობს..“.
მანონი ახვლედიანი, პედაგოგი ღვირიშის საჯარო სკოლიდან, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული ადამიანია. ეს წარმატება თავისით არ მოსულა და, როგორც თვითონ ამბობს-„სოფელში წარმატებულად რომ იცხოვრო, რთული საქმეა – დიდი ფიზიკური მონაცემები, ძალა, ენერგია და ამავე დროს, გონიერებაა საჭირო“.
ცნობისთვის: ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ზანდური,. ხორბლის უძველესი და უნიკალური სახეობა, საუკუნეების წინ რაჭა-ლეჩხუმში მოჰყავდათ, ჯერ კიდევ 9000 წლის წინ მას ადამიანები ძირითად საკვებად იყენებდნენ და დაცულია მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფას სასელექციო მასალებში.
მარინე სვანიძე