მიუხენის 50-ე საერთაშორისო კონფერენციაზე ქართული მხარე ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს

    საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ – მინისტრის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შემადგენლობით, შეხვედრები გამართა: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერთან, გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან – კრისტოფ ჰოიგთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან – ვლადოსლავ შიკორსკისთან, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან – ჩაკ ჰეიგელთან, ბულგარეთის პრეზიდენტთან – როსენ პლევნელიევთან და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან – ფილიპ ჰამონდთან. გერმანიის რესპუბლიკის ლიდერებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ გერმანია, როგორც ნატოს ევროკავშირის წევრი, უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა საქართველოსთვის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან – ვლადოსლავ შიკორსკისთნ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და მასში საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე, ხოლო ბულგარულ მხარესთან შეხვედრაზე BSEC-ზე გამახვილდა ყურადღება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანაა. ამასთან დაკავშირებით, ბულგარულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ პრიორიტეტული იქნება BSEC-ის ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარება. თავდაცვისა და უსაფრთხოების ზომებზე გაიმართა საუბარი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან. ჩაკ ჰეიგელმა განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ფილიპ ჰამონდთან შეხვედრისას კი საუბარი შეეხო ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებს, ამ მიმართულებით არსებულ პროგრესს და ნატოს მოდევნო სამიტს, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართება. ორმხრივი შეხვედრების შემდეგ ქართული დელეგაცია ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრთან ოფიციალური სადილს დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები