ირაკლი ქადაგიშვილი – ჯო უილსონს საქართველოსთან დაკავშირებით მანიაკალური მიდგომა აქვს
“ჯო უილსონს საქართველოსთან დაკავშირებით მანიაკალური მიდგომა აქვს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„საქართველოს მოსახლეობას აჩვენებენ, ხშირ შემთხვევაში, რამდენად დიდ სიბრიყვესთან გვაქვს საქმე, როცა მსოფლიო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ხშირად გვგონია, რომ უცხოეთში ადამიანები სიბრძნით, შორსმჭვრეტელობითა და ჰუმანიზმით მოქმედებენ, თუმცა რეალურად ასეთი ჯურღმული გამოქვაბულის ტიპის აზროვნებით არიან დატვირთული. ჯო უილსონს საქართველოსთან დაკავშირებით მანიაკალური მიდგომა აქვს, „ფარას“ დოკუმენტებით ვიცით, რომ ის ამ აქტივობაში ფულს იღებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ანტიამერიკულ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია, რომ ამერიკელები გაიგებენ, რომ ისინი ირანის რეჟიმთან თანამშრომლობენ, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ გააჩუმონ ექსპერტები, რომლებიც ამ ფაქტს აღნიშნავენ. ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ“.