ვრცელდება საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილის მიერ ევროკომისარ დევიდ ო’სალივანისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც არის მოთხოვნა, ევროკომისიამ გადახედოს და არ დაუშვას ყულევის პორტის შეყვანა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში.
მინისტრის წერილში ვკითხულობთ, რომ ყულევის პორტში სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და რომ საქართველოს მკაფიო პოზიცია და სანქციების აღსრულებისადმი ერთგულება, დაეხმარება ევროკომისიას მიღებული გადაწყვეტილების გადახედვაში.
ბოჭორიშვილი მადლიერებას გამოთქვამს იმ წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის მიმართულებით ჩამოყალიბდა და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, აღიკვეთოს საზღვაო სფეროში არსებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკით გამოწვეული რისკები.
მინისტრი საუბრობს იმ მექანიზმებზეც რომელიც დაინერგა სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.
“მსურს გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობისთვის ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის მიმართულებით, რაც ურთიერთნდობისა და გამჭვირვალობის საფუძველზეა აგებული. ამ კონტექსტში, მსურს გამოვეხმაურო ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში საქართველოში მდებარე ყულევის პორტის შესაძლო შეყვანის საკითხს.
საქართველო მუდმივად ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის მიმართ, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ იქნა დაწესებული. ამ მიზნით, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა პორტში დანერგა შესაბამისი ყოვლისმომცველი, რისკებზე დაფუძნებული რეჟიმი, რაც უზრუნველყოფს ისეთი პრევენციული ზომების მკაცრ გამოყენებას, როგორიცაა: სავალდებულო წინასწარი სკრინინგი გემის შემოსვლამდე, ბენეფიციარი მესაკუთრეების ვერიფიკაცია, მზღვეველებისა და საკლასიფიკაციო საზოგადოებების დეტალური შემოწმება, AIS-ის ისტორიის ანალიზი, უწყებათაშორისი კოორდინაცია და პორტში შესვლაზე უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება სანქციებთან დაკავშირებული რისკები.
2022-დან 2026 წლამდე პერიოდში, სანქციებთან დაკავშირებული რისკების გამო, საქართველოს პორტებში შესვლაზე უარი ეთქვა 55 გემს; უკან დაბრუნდა 2 500-ზე მეტი სანქცირებული ტვირთი და უარი ითქვა 1 750-ზე მეტ საექსპორტო და რეექსპორტის ოპერაციაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყულევის პორტში არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის, არარეგულარული ნაოსნობის პრაქტიკის ან ევროკავშირის შემზღუდავი ზომების დარღვევის არცერთი დადასტურებული შემთხვევა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს მიუღია რაიმე სახის ოფიციალური შეტყობინება, რომელიც ამ მხრივ შეშფოთებას ან შეუსაბამობას გამოხატავდა.
ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ყულევის ტერმინალი, რომლის ოპერატორია Black Sea Terminal Ltd. (აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, SOCAR-ის შვილობილი კომპანია), ასრულებს გადამწყვეტ როლს კასპიის ზღვა-შავი ზღვა-ევროპის ენერგეტიკულ დერეფანში. იგი ხელს უწყობს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციას, აძლიერებს შავი ზღვის ლოგისტიკურ მდგრადობას და მხარს უჭერს „შუა დერეფნის“ ფართო ჩარჩოს. ნებისმიერ შემზღუდავ ზომას, რომელიც ამ ტერმინალის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ექნება მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აზერბაიჯანის ენერგოექსპორტის ინფრასტრუქტურისთვისაც, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ენერგიის დივერსიფიკაცია ევროკავშირისთვის მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება.
საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მტკიცე მზაობას საზღვაო სფეროში არსებული მანიპულაციური პრაქტიკით გამოწვეული რისკების აღმოსაფხვრელად. საქართველო სრულად ერთგული რჩება ყოვლისმომცველი, რისკებზე დაფუძნებული სკრინინგისა და შესაბამისობის ზომების გატარების მიმართ, რაც მიზნად ისახავს როგორც „ჩრდილოვანი ფლოტების“, ისე ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების იდენტიფიცირებასა და პრევენციას, IMO-ს A.1192(33) რეზოლუციისა და ევროკავშირის საბჭოს 833/2014 რეგულაციის XLII დანართის მკაცრი დაცვით. ჩვენ არც აქამდე დაგვიშვია და არც მომავალში დავუშვებთ ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების შესვლას ჩვენს პორტებში ან მათთვის მომსახურების გაწევას და კვლავ აქტიურად დავუჭერთ მხარს საერთაშორისო ძალისხმევას „ჩრდილოვანი ფლოტის“ პრაქტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად.
თქვენი საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა სანქციების აღსრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ევროკავშირის შესაბამის სამსახურებს — TAXUD, FISMA, FPI, JUST და TRADE — შორის საკომუნიკაციო არხების ჩამოყალიბებით. ეს ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული შემზღუდავი ზომების მონიტორინგსა და აღსრულებას, ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლასა და ურთიერთდახმარებას, აღსრულების მონაცემების რეგულარული განახლებისა და პერიოდული გაზიარების გზით, მათ შორის იმ ოპერაციების შესახებ, რომლებიც გაძლიერებულ კონტროლს ექვემდებარება. პარალელურად, როგორც პროექტის — „შავი და კასპიის ზღვა II“ (BCSEA II) — ბენეფიციარი, საქართველო მონაწილეობს T-AIS მონაცემთა ორმხრივ გაცვლაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან SafeSeaNet Mediterranean (MAREZ) სერვერის მეშვეობით. ეს აუმჯობესებს საზღვაო ვითარების ცნობიერებას, ანომალიების გამოვლენას და რისკის ინდიკატორებზე კოორდინაციას AIS-ისა და დეკლარირებული ნაოსნობის მონაცემების ჯვარედინი ვერიფიკაციის გზით. ამ ძალისხმევის შემდგომი ინსტიტუციონალიზაციისა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს მთავრობა გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ევროკავშირთან „სტრუქტურირებული ოპერაციული არხი“, რომელიც მოიცავს დანიშნულ საკონტაქტო პირებს, დროულ განმარტებებს კონკრეტულ შემთხვევებზე და უკუკავშირის სისტემას საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომებისა და გადაწყვეტილებების ეფექტიანობის შესახებ.
დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს მკაფიო პოზიცია, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების მკაცრი იმპლემენტაციისადმი ჩვენს მიერ დემონსტრირებულ ერთგულებასთან ერთად, დაეხმარება ევროკომისიას, გადახედოს ყულევის პორტის სანქციების სიაში შეყვანის წინადადებას.
პატივცემულო ბატონო ო’სალივან, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემის დასტური.“ –
წერია წერილში რომელიც, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკომისარ დევიდ ო”სალივანს 18 თებერვალს მისწერა.
დღეს კი საჯარო გახდა დოკუმენტი რომელიც ევროკომისარმა საგარეო უწყებას პასუხად გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებული ობიექტების სიაში არ შევა.