„ვხატავ, ვესაუბრები და ვუღიმი“  – ხელოვანი „პატარა დიდების“ სამყაროდან…

ხატვა როდის დაიწყო, არ ახსოვს, მაგრამ ბავშვობა ლამაზი წიგნივით ჩარჩენილა მეხსიერებაში… ხატავდა, წერდა ჩანახატებს, ლექსებს, მუსიკაზეც დადიოდა…  მომავალ პროფესიად კი  რეჟისორობა აირჩია. ამბობს, რომ გაუმართლა და სტუდენტობის დროს მერაბ კოკოჩაშვილის ჯგუფში მოხვდა.  მთელი საქართველი მოიარეს, გადაიღეს ეკლესიები, ულამაზესი ადგილები, რომლებიც ერთ ფილმში გაერთიანდა ხალხურ საგალობლებთან ერთად.
ამ
წლებიდან სასიამოვნო მოგონებად დარჩა ლეგენდარულ  ვახტანგ ტაბლიაშვილზე დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა. გადაიღო მუსიკალური კლიპებიც…
ერთხანს მუშაობდა რადიოს „ოქროს ფონდში“,  ასევე, რადიო „იმედში“ წამყვანად…
ხატვით კი სულ ხატავდა. მისი პირველი გამოფენა „პატარა დიდები“  2018 წელს გაიმართა. ამბობს, რომ ყველა ნახატს თავისი ისტორია აქვს და თვითონ ნახატიც ისტორია ხდება, ამიტომ თარიღებს ყოველთვის აწერს.
ფიქრობს ახალ გამოფენაზე, რომელსაც  საკუთარ შემოქმედებაში თავიდან შესახედ  ახალ  კარიბჭეს უწოდებს. – მხატვრისა და რეჟისორის, ანა მაღლაკელიძის პერსონა.

 – დავიბადე თბილისში. მშვენიერი ბავშვობა მქონდა  (დედა – რუსუდან უგრეხელიძე ექიმი – პედიატრია, მამა – ნუგზარ მაღლაკელიძე – იურისტი, ძმა – ლევან მაღლაკელიძე – იურისტი). დამამახსოვრდა მშობლების დიდი სიყვარული, ხელში ატაცებული დედა, ბევრი საინტერესეო დღე, თეატრი, კინო, მოგზაურობა და ძალიან ბევრი სათამაშო, გაღვიძებისას აღმოჩენილი სიურპრიზები. მოსიყვარულე მშობლები, ბებიები, ბაბუები. გურიის სოფელში გატარებული მხიარული „ზაფხულები“, საინტერესო თავგადასავლები. ყველაფერი ლამაზი მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, შემიძლია წიგნი დავწერო.
სამწუხაროდ, სიძნელეებიც იყო  ქვეყანაშიც და ოჯახშიც (90-იანი წლები). დრო ყველაფერს ვერ განკურნავს, თუმცა გვზრდის და გვაწრთობს. ამის გამო  ცოტა ადრე გავიზარდე და დიდი გავხდი. ალბათ ამიტომ ახლა ისევ ბავშვობაში დაბრუნებას ვცდილობ, ჩემი  ნახატებით, ხშირად ქცევითაც, ჩემი 8 წლის შვილის წყალობით…
– პირველი ნახატები…
– არ მახსოვს, ხატვა როდის დავიწყე, პირველი ნახატიც არ მახსოვს. იაკობ გოგებაშვილი დავხატე, მასწავლებლის შექებაც დავიმსახურე, მერე გამოფენებშიც ვმონაწილეობდი, ჩემი პატარა პერსონაჟები  მაშინ მულტფილმის გმირები იყვნენ. ხატვასთან ერთად ვწერდი ჩანახატებს, ლექსებს, მუსიკაზე დავდიოდი, მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით.
– რატომ გადაწყვიტეთ სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება?
–  მაშინ ხატვის კერძო გაკვეთილებზე  დავდიოდი. ამ პერიოდში სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება, მერე კი უცებ ეს სინთეზი ერთ პროფესიაში დავინახე, ამიტომაც გადავწყვიტე რეჟისორობა. იმ დროში რეჟისორობა  რთული იყო –  ჯერ სწავლის პროცესი, უშუქობა, ომები. ახლაც კი  უჭირთ რეჟისორებს ჩვენს ქვეყანაში და მაშინ  ეს ყველაფერი რაღაც უტოპიას ჰგავდა, დედა არ იყო წინააღმდეგი, ვინ ვიქნებოდი, ჰოდა, მეც, ჩემი უცნაური ხასიათის  გამო ამ გზას დავადექი.
– სტუდენტობის დროს მერაბ კოკოჩაშვილის ჯგუფში მოხვდით. მოგზაურობდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გადაიღეთ დოკუმენტური ფილმები, მუსიკალური კლიპები…
– გამიმართლა მერაბ კოკოჩაშვილის ჯგუფში მოხვედრა. ბატონი მერაბი ახლა ჩემი სადოქტორო თემის ხელმძღვანელია ქალბატონ ლელა წიფურიასთან ერთად. სადოქტორო თემაში „მხატვარი კინოში“  ჩემი ორი საყვარელი პროფესია გავაერთიანე.
მთელი საქართველი მოვიარეთ, გადავიღეთ ეკლესიები, ულამაზესი ადგილები. მერე კლიპებად ქართული ხალხური სიმღერები  და საგალობლები ერთ ფილმში გავაერთიანეთ. მიუხედავად  რთული  პერიოდისა, დიდი გამოცდილება შევიძინეთ.
პირველი მუსიკალური კლიპი მეორე  კურსზე  გადავიღე. სიმღერები გულიკო ჭანტურიამ ჩაგვაწერინა და მე და თეა  ჭანტურიამ ერთმანეთი   გადავიღეთ. ეს პირველი, ყველაზე გემრიელი ექსპერიმენტი იყო. ექსპერიმენტი სრული გაგებით, კამერის ობიექტივზე ცელოფანის პარკებით შემოხვეული, ათასი უცნაურობით გაგრძელებული.
– ვახტანგ ტაბლიაშვილზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეთ…
ჩემი პირველი სადიპლომო  ნამუშევარი ვახტანგ ტაბლიაშვილის შესახებ დოკუმენტური ფილმი – პორტრეტი  იყო.  პირველი  წარმატება და ჰონორარიც ამ ფილმმა მომიტანა. ფილმი მეორე არხის ეთერში გავიდა. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩემი ფილმის გმირი გავიცანი, შესანიშნავი პიროვნება, უწესიერესი ადამიანი, რომელმაც ქართულ  თეატრში, შემდეგ კინოში ისტორია შექმნა.  „ქეთო და კოტეს“, სხვადასხვა ფილმის კოსტიუმებიდან დაწყებული ყველა დეტალი, რაც კი შეიძლებოდა, მოვიძიე ფოტოარქივიდან, ვიდეოარქივებიდან, პირადი საუბრებიდან, ერთად შევკარი და, შეიძლება ითქვას, ბატონი ვახტანგის შესახებ ყოვლისმომცველი და თბილი ფილმი გამოვიდა.
მერე დავმეგობრდით, უკვე ოჯახში მიწვევდა და დიდი სიყვარულით, პატივისცემით და სიამაყით ვიხსენებ.
–  მუშაობდით პირველ არხზე, რადიოს „ოქროს ფონდში“,  რადიო „იმედში“, წამყვანად…
– საქართველოს ტელევიზიის პერიოდი ასევე საინტერესო იყო. „ოქროს ფონდის“ დახმარებით გავაკეთე  „ფრაგმენტები“, ეს იყო მინივიდეოები –  ქართველი პოეტების, მწერლების, მსახიობების ხმა და გამოსახულება ერთად. დიდი საგანძური. მუსიკალურ რედაქციაში კი უკვე მუსიკალური კლიპების გადაღების საშუალება მომეცა.
აქედან დაიწყო მოთხოვნაც იყო და ჩვენც ვცდილობდით, თავად მოგვეგონებინა, ტექნიკური საშუალებები მოგვეძებნა, რთული იყო, თუმცა საინტერესო, ყოველთვის ყველა ეტაპი საინტერესოა. გავაკეთე რამდენიმე სატელევიზიო რეკლამა…
რამდენი დრო გასულა, რამდენი რამ აღარ მახსოვს, მეტი შეიძლებოდა, ამას  ყოველთვის ვიტყვი, მეტი!  თუმცა ყველაფერი დროსთან, ეპოქასთან მიმართებაში უნდა აღვიქვათ, ეს იყო რეალობა იმ დროს. შეცდომები, ისევ შეცდომები. ეს პროცესია, ურომლისოდაც ვერ განვითარდები.
რადიო „იმედში“ „დაპაუზებულ“ დროს აღმოვჩნდი, სამსახურის ძიებაში, დილის გადაცემის წამყვანად, მხიარულება, განსხვავებული გარემო, ახალი უნარები, სხვა სივრცე, არა გამოსახულება, არამედ ხმა, ჩემთვის ეს ძალიან ახალი და საინტერესო აღმოჩნდა. ახლაც მიყვარს რადიო, ხშირად ტელევიზორს უკვე ვუსმენ, მიყვარს ლაპარაკის მოსმენა, ეს ალბათ უკვე  „გენეტიკასავით“ გამომყვა, თუმცა ტელევიზიაც და რადიოც დღეს  ძალიან მოსაწყენი გახდა. საჭიროებს განახლებას, ისევე როგორც ჩვენ, უნდა „დავარესტარტოთ“.
– ბავშვებს და ანგელოზებს ხატავთ. და მაინც, როგორ ხატავთ –  როდის მოდის შთაგონება?
– ანგელოზების ხატვა მას შემდეგ დავიწყე, რაც შვილი შემეძინა. ხატვით სულ ვხატავდი, ხატწერითაც ვიყავი გატაცებული, მაგრამ ეს „პატარა დიდები“, როგორც ჩემს პირველ გამოფენას დავრქვი, 8 წლისანი არიან.
ბავშვობაში ვოცნებობდი ასეთი ნამდვილი სათამაშო ცოცხალი არსებები მყოლოდა, ჰოდა, გავაჩინე, ოღონდ ტილოზე, ახლა კი სხვადასხვა სახლებში და ქვეყნებში მოგზაურობენ.
– ლურჯი და ცისფერი ჭარბობს თქვენს ნახატებში… მთლიანად კი თქვენი შემოქმედება ფერადოვანია…
– ყველა ნახატს ისტორია აქვს და თვითონ ნახატიც ისტორია ხდება, ამიტომ თარიღებს ყოველთვის ვაწერ. ხელმოწერაც ბავშვობისა დავიბრუნე. რაც შეეხება ლურჯ ფერს, ჩემი საყვარელი ფერია, თუმცა არ მიფიქრია, რომ დომინანტია… რაც მიყვარს, ის გამოდის, სიყვარულით ვხატავ, ვესაუბრები და ვუღიმი, მერე ეს უკვე ტილოზე ჩაბეჭდილია და ალბათ ამიტომ ასე ახარებს გულებს.  განწყობა, როგორც ხატვისთვის, ყველაფრისთვის მჭირდება. არის დღეები, როცა მავიწყდება ხატვა, ეს ისეთი უცნაური შეგრძნებაა.
– ალბათ ბევრია, ვისაც თქვენი ნამუშევრების შეძენა უნდა….
– ფეისბუქზე ვერდი მაქვს, სადაც განთავსებულია ჩემი ნამუშევრები  A&M Gallery
აქ მწერენ, საბედნიეროდ,  ბევრი გამოთქვამს ნამუშევრების შეძენის სურვილს.  მოსწონთ ისინი, საკუთარ თავებს, შვილებს ხედავენ, ამსგავსებენ მათ. პოზიტივი მოსწონთ, ადამიანებს სჭირდებათ დადებითი ემოციები. და მიხარია, რომ ეს გამომდის.
– 2018 წელს გქონდათ პირველი პერსონალური გამოფენა, ალბათ დაგიგროვდათ სათქმელიც და ნამუშევრებიც… როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა  პირველი გამოფენიდან დღემდე?
– პირველი გამოფენა –  „პატარა დიდები“ 2018 წელს გაიმართა, გალერეა „წითელმა კვადრატმა“ მიმასპინძლა, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს მივუძღვენი.
გამოფენა საკუთარი თავის ახლებურად წარმოჩენას, სხვა თვალით შეხედვას, გადაფასებას ნიშნავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პირველ რიგში, საკუთარ შემოქმედებაში თავიდან შესახედი ახალი კარიბჭეა, ეს კი გამუდმებით უნდა გრძელდებოდეს, განმეორდეს, ისევ განმეორდეს, მხოლოდ სიახლით. დათვალიერებელს, რომელიც დღევანდელ დღეს შენი ნახატების სანახავად დროს გამონახავს  და მოვა, იქ რაღაც ახალი უნდა დახვდეს, ალბათ კიდევ უფრო გამდიდრებული სანახაობა, ამიტომ ჯერ ვფიქრობ, რა დავახვედრო ჩემს საყვარელ სტუმრებს. მინდა ერთი ლამაზი საღამო ვაჩუქო.
– ჰობი?

ოჯახი

– ჰობია თუ უკვე საქმიანობა, უკვე ვაღარ ვარჩევ… ეს ავეჯის რესტავრაციაა, ჩემს სახლში ძალიან ბევრ რამეს ნახავთ ჩემი ხელით გადაკეთებულს. მიყვარს მცენარეები, ყვავილები, მათი მოვლა- პატრონობაც, მწვანეა ჩემი სახლი.
მენატრება ცხოველები, გარეული, შინაური, ოღონდ არა გალიაში…  ჩიტები, ჩემს აივანზე პატარა ბუ მოფრინდა, ესეც ჩემი შთამბეჭდავი მეხსიერება.
ამ ბოლო დროს ვფიქრობ, ყველაზე მეტად ადამიანი ბოროტად ექცევა ბუნებას და ისიც პასუხობს.  მეტი სიმწვანე, მეტი ცხოველი, ფრინველი სჭირდება დედამიწას. არაფერი ისე არ კურნავს, როგორც ბუნება ადამიანს.
– ოჯახი…
– ოჯახი…  მეუღლე –  დავით მესხიშვილი, შვილი – გიორგი მესხიშვილი. ორი უჭკვიანესი ბიჭი მყავს, ბედნიერი ვარ.
საერთოდ მადლიერი ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რომ ყველაფერში ძალიან გამიმართლა.
– და მაინც, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას თქვენს თავში, მხატვარს თუ რეჟისორს? – და მაინც, ვინ ვარ? მხატვარი თუ რეჟისორი? იქნებ ექიმი ვარ?   ჩვენი მისიაა, ვიპოვოთ ჩვენი თავი. მეც ამ ძიებაში ვარ. რისი საშუალებაც მეძლევა, ყველაფერს ვაკეთებ, ვშრომობ და წინ მივდივარ,  მიყვარს ჩემს თავში მხატვარიც და რეჟისორიც, ეს  ორი ერთად კი მეხმარება, კარგად გამოვხატო ემოცია,  ამჯერად უკვე ტილოზე. მიყვარს ჩემი შეცდომებიც, ვაკრიტიკებ, ვპატიობ და წინ მივდივარ, ეს არის ახლა, ხვალ რა იქნება, ვინ იცის.
მზად ვარ, ისევ მიყვარდეს, ვგეგმავდე და ვასრულებდე.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები