“მთავრობის გადაწყვეტილებები მოქალაქეებს შრომის საშუალებას მისცემს, თუმცა ეს არ გაკეთდება იქ, სადაც რისკი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს შეექმნება”

“ყველას უნდა გვესმოდეს, ჩვენ ვართ იძულებულები, რომ შევინარჩუნოთ გარკვეული სახის შეზღუდვები, მაგალითად, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობამ გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

„მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად, იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში, თუმცა არცერთ შემთხვევაში ეს არ გაკეთდება იქ, სადაც შეექმნება რისკი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, საქართველო თუ არის წარმატებული კოვიდის გავრცელებასთან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული, პრევენციული ნაბიჯები, პირველ ყოვლისა, კონტროლი საზღვრებზე, ჩვენ შევძელით არ დაგვეშვა იმპორტირებული ინფექციის გავრცელება ქვეყანაში. ძალიან ეფექტური იყო საკარანტინო ზონების შექმნა. უაღრესად ეფექტური იყო ის ნაბიჯები, რომლებმაც მოგვცა საშუალება, ქვეყანაში მობილობის შემცირების. თუ დღეს საქართველოში, საშუალოდ, ყოველდღიურად, ჩვენ გვყავს ინფიცირებულების რაოდენობა მაგალითად 2, 5 და შეიძლება გვყავდეს 10, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არის დამარცხებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ გავაკეთოთ ეს ისე, ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად, ეტაპობრივად და არა ერთბაშად, განაახლონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ უბრალოდ ოჯახი არჩინონ”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები