ბექა ლილუაშვილი: პრემიერის ანგარიშში ყველა იმ კითხვაზე იქნება პასუხი, რაც დაკავშირებულია როგორც საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში, ასევე, მის მიღმა გადადგმულ ნაბიჯებთან
“როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, ეს არის იმისთვის გადადგმული ნაბიჯი, რომ ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა, რაც უკავშირდება მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, მათ რაციონალს, მოტივაციას და ა.შ. ყველა ამ კითხვაზე მთავრობამ და შესაბამისმა პირებმა გასცენ პასუხი და ამომწურავად ისაუბრონ ამ საკითხებზე”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმინისტრის ანგარიშში ყველა იმ კითხვაზე იქნება პასუხი, რაც დაკავშირებულია როგორც საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში, ასევე, მის მიღმა გადადგმულ ნაბიჯებთან.
„პრემიერმინისტრი ანგარიში პირობითად შეგვიძლია, დავყოთ ოთხ ეტაპად. პირველი ეტაპი არის პასუხები სხვადასხვა კითხვაზე და პერიოდის შეფასება, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოში პირველი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული, შემდეგ უკვე პირველი შემთხვევიდან იმ პიკამდე შიდა გავრცელების რვა კვირიან პერიოდზე, რომელზეც ეპიდემიოლოგები საუბრობენ, ამის შემდეგ უკვე იწყება ახალი ეტაპი ეს არის ეკონომიკის გახსნის ეტაპი და დღეის მდგომარეობით მზად ვართ. ეს არის, დაახლოებით, ის ოთხი ეტაპი, რომელზეც ანგარიშში იქნება საუბარი. ანგარიში მოიცავს აბსოლუტურად ყველა ასპექტს, დაწყებული იმ ნაბიჯებით, რომლებიც ჯერ კიდევ ვირუსის დაფიქსირებამდე საქართველოს მთავრობამ გადადგა. მოგეხსენებათ, რომ სპეციალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შექმნილი იყო ერთი თვით ადრე, სანამ პირველი შემთხვევა მოხდებოდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე აბსოლუტურად ყველა კითხვას, რაც დაკავშირებულია, როგორც საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ასევე, მის მიღმა გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალურად და ამომწურავად იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით იქნება პასუხები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.