მარიამ ქვრივიშვილი: ერთიანი ძალისხმევით და გუნდურობით კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას, მის ეკონომიკურ გაძლიერებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის უფრო მეტად ზრდას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის სამინისტროში რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით უძღვებოდა ტურიზმის და ავიაციის მიმართულებას და დარწმუნებულია, რომ ის ასეთივე წარმატებული იქნება მინისტრის პოზიციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტროს გუნდთან ერთად აქტიურად იმუშავებს უკვე მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების და გეგმების რეალიზების, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარების და შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მიმართულებით.

„სამინისტროს მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტები აქვს, ერთად უზრუნველვყოფთ მათ წარმატებით განხორციელებას და ახალი პროექტების და გეგმების დაწყებას, რაც სრულად თანხვედრაშია სამთავრობო პოლიტიკასთან, პრემიერ-მინისტრის ხედვებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით და გუნდურობით კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას, მის ეკონომიკურ გაძლიერებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის უფრო მეტად ზრდას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს ლევან დავითაშვილს ამ პოზიციაზე გაწეული სამუშაოსათვის და ახალ – ეკონომიკურ საკითხებში მისი მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობებზე საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი  ეტაპის დასაწყისი – ამ სამინისტროსთვისაც და ეს სიახლე ყოველთვის არის პოზიტიური, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში განახლებას მოაქვს თავისი ახალი ინიციატივები, რაც, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საჭიროა ზოგადად ეკონომიკისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს თანამშრომლები, ასევე სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი უწყებების და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამინისტროს თანამშრომლებს ასევე მადლობა გადაუხადა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები