ირაკლი კირცხალია: ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე, ვერ იქნება ინდულგენცია ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე
,,როდესაც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია აღქმებზე და აღქმების თეორიაზე საუბრობს, ზოგადად, ღიმილის მომგვრელია”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის შეფარდებულ პატიმრობასთან დაკავშირებით ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
კირცხალიას თქმით,
ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე, ვერ იქნება ინდულგენცია ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა.
„განსაკუთრებით გამძაფრდა ამ სცენარის შესრულება ბოლო პერიოდში, ბოლო თვეებში. სწორედ ამ სცენარის ნაწილია თუნდაც ის ქმედებები, პირდაპირ ეთერში ღიად, თავხედურად სილის გაწნა სახელმწიფოსთვის და სახელმწიფო ინსტიტუციისთვის. ამ ინსტიტუციაში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო ჰქვია და საიდანაც ახლა მე თქვენ გერთვებით, აქ მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება და ასე დემონსტრაციულად შეურაცხყოფის მიყენება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუციისთვის.
როდესაც ვაანონსებდით საგამოძიებო კომისიას, არ არის შორი რეტროსპექტივა ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა იყო პასუხი. პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ სუვერენულ ქვეყანაში მოქმედებს კანონი და ამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ვერ იქნება ინდულგენცია ამ ქვეყანაში კანონის წინაშე ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე.
მათ ჰქონდათ ეს სცენარი, რომ პირდაპირ, მიზანმიმართულად, დემონსტრაციულად უნდა მიეყენებინათ შეურაცხყოფა კანონისთვის, ინსტიტუციისთვის. მიაყენეს ეს შეურაცხყოფა, აქ ნათელია ყველაფერი და კანონი ამოქმედდა. ასე, რომ როდესაც აღქმებზე, ილუზიებზე და მსგავს თეორიებზე საუბრობენ, კარგად ახსოვდეთ მათაც და ავტორებს, რომლებიც აგზავნიან აქ სცენარებს, რომ სწორედ მათივე შექმნილ ილუზიაში გაიხლართნენ თვითონ იმიტომ, რომ დაეჯახნენ კანონს დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანაში და მიიღეს ის პასუხი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.