სამცხე–ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ადიგენის მუნიციპალიტეტში მიწის დამუშავება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
სოფელ წახანში მცხოვრებმა ჯაბა მაისურაძემ საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაიწყო. მიწის ნაკვეთი დაამუშავა, კარტოფილის თესლი ახალქალაქიდან ჩაიტანა და 7 000 მეტრზე დათესა. როგორც თავად ამბობს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრობლემა არაფერზე შექმნია.
მისივე თქმით, სოფელში ტექნიკა კარგად მუშაობს და ხელის შეშლა ფერმერისთვის კორონავირუსმაც კი ვერ შეძლო.
“სოფელში ვერავინ იტყვის – მიწის დამუშავება მინდოდა და ტექნიკა ვერ ვიშოვეო. ადგილობრივი თვითმმართველობა ყველანაირად გვიწყობს ხელს. არის სახელმწიფო ტრაქტორებიც და – კერძოც. ამ ბენზინის გაიაფებამაც დადებითად იმოქმედა ყველაზე. ფერმერებმა ამოისუნთქეს. ახლა მიდის თესვის პროცესი, ცოტა დაგვიანებულიცაა, მაგრამ ამინდმა არ შეგვიწყო ხელი. სულ წვიმდა და ასე მოგვიწია კარტოფილის დათესვა. ახალციხესთან შედარებით, ადიგენში ცოტა განსხვავებული კლიმატური პირობებია და მიწა ჯერ ისევ სველია“, – განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ფერმერმა.
სოფელ წახანში მერის წარმომადგენელის თქმით, პანდემიის გამო მოსახლეობამ შედარებით უფრო მეტი მიწა აითვისა და დაამუშავა.
“მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის გამო ბევრი ჩამოვიდა სოფელში. ამან გამოიწვია ისიც, რომ წახანში მიწა უფრო მეტმა მოსახლემ დაამუშავა. პრობლემა არავის არაფერზე შექმნია. პირიქით, ბენზინის გაიაფებამაც ძალიან გაახარა და გააქტიურა ფერმერები“, – ამბობს ზურა აბრამაძე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ფერმერებს შეძლებისდაგვარად ეხმარება. როგორც ადიგენის მერი ამბობს, საგაზაფხულო სამუშაოები, ამ ეტაპზე, კარგი ტემპით მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტი მზადაა, მოსახლეობას გვერდში დაუდგეს.