სამხრეთ აფრიკაში COVID-19-ისგან დასაცავად ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყეს

სამხრეთაფრიკულმა ჯგუფმა TASK-მა, რომელიც ბიოტექნოლოგიებით არის დაკავებული, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის – BCG-ს, იგივე კალმეტისა და გერენის ბაცილის კლინიკური ცდები დაიწყო იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა, იყოს ის კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალება.

Reuters-ის ინფორმაციით, კვლევაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც ინფიცირების მაღალ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან, მათი ნაწილი კი ვაქცინას მიიღებს. ესენია ჯანდაცვის სფეროს 3 ათასი თანამშრომელი. კვლევა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ​ წინასწარი შედეგები კი 6 თვეში იქნება ცნობილი.

აღინიშნება, რომ მსგავსი ცდები ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში უკვე ტარდება, თუმცა აღნიშნულ ქვეყნებში BCG-ს აცრა დაბადებისთანავე სავალდებულო არ არის. TASK-ის კვლევა კი უკვე აცრილი ადამიანებისთვის ვაქცინის განმეორებით შეყვანას გულისხმობს.

აპრილში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა კორონავირუსის მკურნალობისთვის არის ეფექტური.

თუმცა, ორგანიზაციაში ისიც აღნიშნეს, რომ საკითხთან დაკავშირებით ორი კვლევა ტარდება, რომლის შედეგებს მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მეცნიერები აქტიურად განიხილავენ ჰიპოტეზას იმის შესახებ, რომ ქვეყნებში სადაც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებულა, მოსახლეობა, შესაძლოა ნაკლებად იყოს კორონავირუსით ინფიცირების რისკჯგუფში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები