„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის” – კამპანიის ფარგლებში ონლაინ საჯარო დებატებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ერთად (GIDE), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – II”-ისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის მხარდაჭერით, კამპანიის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის” ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო დებატებს იწყებს. დებატებში მონაწილეობა შეუძლიათ დებატების კლუბის წევრ სკოლის მოსწავლეებს, მეცხრე კლასის ზემოთ, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ორთვიანი პროექტი მიზნად ისახავს, სკოლის მოსწავლეებმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ იმის შესახებ, თუ რა სიკეთეები მოუტანა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ. რეგისტრაცია უკვე დაიწყო, და მსურველები ვებ-გვერდზე www.aa.ge უნდა დარეგისტრირდნენ.

„Covid-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, ევროპის დღეებს, წინა წლებთან შედარებით, წელს განსხვავებულად აღვნიშნავთ. გადავწყვიტეთ, კამპანია ციფრულ რეჟიმში ჩავატაროთ. გვინდა, ასოცირების შეთანხმების გაფორმების 6 წლის იუბილე მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნოს. ვფიქრობ, მნიშნველოვანია, ამ პროცესში ახალგაზრდებიც ჩაერთონ და ამიტომ გადავწყვიტეთ, სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ საჯარო დებატები ჩავატაროთ. ცხადია, დებატების მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმება იქნება”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

პირველ ეტაპზე, დარეგისტრირებულ მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში მიეწოდებათ ინფორმაცია ასოცირების შეთანხმების შესახებ. ასევე, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება ტრენინგები დებატების ტექნიკაშიც.

„დებატკლუბების წევრებისთვის ასოცირების შეთანხმების თემაზე ონლაინ ლექციები ჩატარდება. მონაწილეებს ასევე მიმართავენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეთ ამ თემის შესახებ, რათა შეძლონ მასალების კარგად გადამუშავება და დებატების დროს გამოყენება. ასევე, ყველა სკოლაში, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კონკურსში, ჩატარდება სპეციალური შეხვედრები და ტრენინგები, რათა მონაწილეებმა დახვეწონ დებატების ტექნიკა და მოემზადონ საჯარო დებატებისათვის,” – განმარტავს „დებატებისა და განათლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, თინათინ ცერცვაძე.

მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ პროექტის ფინალური ეტაპისათვის 30 მონაწილე შეირჩევა სწორედ, ეს 30 მოსწავლე გაივლის საბოლოო ტრენინგს და ჩაერთვება საჯარო დებატებში. მოსწავლეები 5 სხვადასხვა რეგიონიდან (კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, აჭარა, თბილისი) შეირჩევიან.

ივნისის თვეში დაიწყება საჯარო დებატების ციკლი ონლაინ რეჟიმში, რომელიც ბოლოს, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის 6 წლის იუბილეზე დასრულდება. მონაწილეებს სერტიფიცირებული მსაჯები შეაფასებენ და გამარჯვებულსაც დაასახელებენ. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები