რუსუდან თევზაძე ონლაინსწავლებაზე: კონცეფცია და ტექნიკური ფორმატი ნაკლებად შეესაბამება სწავლა-სწავლების პროცესისთვის აუცილებელ და საჭირო ძირითად სასწავლო რესურსს

“ონლაინ გაკვეთილების კონცეფცია და ტექნიკური ფორმატი ნაკლებად შეესაბამება სწავლა-სწავლების პროცესისთვის აუცილებელ და საჭირო ძირითად სასწავლო რესურსს”, – ამის შესახებ
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“არსებული რეალობა და სპეციალისტების პროგნოზი გვაფიქრებინებს, რომ კორონას თემა ნელ-ნელა პრიორიტეტულობას დაკარგავს.
ნათქვამია „მეგობარი გაჭირვებაში გამოიცნობაო“, კოვიდთან ბრძოლის ველზე, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სტატუსის, მოწოდების სიმაღლეზე წარმოჩენის საქმეში მთავრობის გუნდმა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობა დაიმსახურა.
აქვე, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პირად მადლიერებას ექიმებისა და უკლებლივ ყველა პროფესიის ადამიანის მიმართ, ვინც სულ მცირე წვლილი მაინც შეიტანა ამგვარი ფინალის მიღწევის საქმეში.
კოვიდის ფონზე, ყველა პროფილური მიმართულებით ახალი გამოწვევები გამოიკვეთა. ცხადია, ყველგან მიმდინარეობდა და კვლავ გრძელდება გარკვეული გამოსავლების ძიება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, განათლების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, აუცილებელია განვიხილოთ, როგორც ტექნიკურ, ასევე თვისობრივ ჭრილში.
მე, როგორც ერთ-ერთი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ვადასტურებ რომ, მთავრობის რეკომენდაციის კვალდაკვალ, მართლაც ძალიან სწრაფად მოხდა ახალ რეალობასთან ადაპტირება და უნივერსიტეტი გადავიდა ონლაინ სწავლებაზე. პროცესი ახლაც მიმდინარეობს, ეს კი, ერთმნიშვნელოვნად ჩვენი ტექნიკური და პედაგოგთა გუნდის დამსახურებაა.
მარტივი პროცედურული დაკვირვებითა და კოლეგებს შორის აზრთა ურთიერთგაზიარებით, პრაქტიკულად ყველა უმაღლესი სასწავლებელი მოერია აღნიშნულ გამოწვევას და შეძლების ფარგლებში ახორციელებს სწავლა-სწავლების პროცესს.
თუმცა, სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სპეციფიურობიდან გამომდინარე, არსებობს გარკვეული შიდა ტექნიკურ-პროცედურული პრობლემები. ამდენად სასურველია, ამგვარი უნივერსიტეტების ინდივიდუალური მიდგომით განხილვა რაც შეიძლება სწრაფად.
რაც შეეხება სწავლა-სწავლების თვისობრიობას და ხარისხს, უმაღლესების შემთხვევაში, ის სრულყოფილთან მიახლოებულია, რაც შემდეგი სამი მოთამაშის დამსახურებაა: ადმინისტრაცია, პედაგოგები და თავად სტუდენტები. მათი ზრდასრულობა კი, ბევრწილად განაპირობებს საქმის ჯეროვანებას.
რაც შეეხება სკოლას, ცხადია სკოლამაც შეცვალა ცხოვრების წესი, დაიწყო ადაპტირება ახალ რეალობასთან.
სკოლამ, სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით სხვადასხვა რეკომენდაცია მიიღო. დაწყებული ონლაინ სწავლებით, დასრულებული „ტელესკოლით“.
ვფიქრობ, სწორედ აქ დაიწყო კიდევ უფრო მეტი გამოწვევა, ვინაიდან ისინი აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში.
უმაღლესებისგან განსხვავებით სკოლებს ნაკლებად, ან სულ არ გააჩნიათ დამოუკიდებელი/თავისუფალი ფინანსური რესუსრსი სხვადასხვა ტექნიკურ-პროცედურული საკითხების უზრუნველსაყოფად.
პრაქტიკულად შეუძლებელია ყველა სკოლას, ყველა პედაგოგს და ყველა მოსწავლეს ჰქონდეს ერთნაირად გამართული ტექნიკური ბაზა, რომელიც გახლავთ, სრულფასოვანი და სრულყოფილი სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი.
ასევე, არსებითად მნიშვნელოვანი მსაზღვრელია, მასწავლებლისა და მოსწავლის ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომელიც ცალსახად არაერთგვაროვანი გახლავთ სკოლის სოციუმში.
ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი ონლაინ ურთიერთობებში ფსიქოლოგიური მზაობა და მედეგობაა, რაც ასევე ვერ იქნება რელევანტური და ჯეროვანი, მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება „ტელესკოლას“, ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, ორგანიზატორებისა და მონაწილე პედაგოგების კეთილი განზრახვები, ნამდვილად დასაფასებელია მათი შრომა.
მაგრამ, ასევე ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ მისი თვისობრივი კონცეფცია და ტექნიკური ფორმატი ნაკლებად შეესაბამება სწვალა-სწავლების პროცესისთვის აუცილებელ და საჭირო ძირითად სასწავლო რესურსს.
სუსტია მოსწავლესა და პედაგოგს შორის ინტერაქცია სალექციო ფორმატის გამო;
„გაკვეთილის“ ხანგრძლივობა არ შეესაბამება სამართლებრივი დოკუმენტით გათვალისწინებულ აკადემიური საათის ოდენობას.
„გაკვეთილებში“ რიგ შემთხვევებში შეინიშნება ქაოტურობა;
ერთი საგნის, სხვადასხვა „გაკვეთილებს“ შორის სუსტად იკვეთება მიზეზ-შედეგობრიობა;
ამდენად, ყოველივე ნაკლებად თუ წარმოადგენს სრულყოფილი და სრულფასოვანი სწავლა-სწავლების ძირითად ალტერნატივას. ის, ნამდვილად კარგი დამხმარე სასწავლო-შემეცნებითი რესურსია.
გულწრფელად ვფიქრობ, რომ თავის მოტყუებას, სჯობს ობიექტური ანალიზი და ყველაფრისთვის კუთვნილი სახელდების მინიჭება.
მთავრობის გულშემატკივრობის გამო, პირადად ჩემთვის, როგორც განათლების საკითხებზე მომუშავე ადამიანისთვის, ყოველივე კეკლუცობად მიმაჩნია, რაც ნამდვილად არ გვესაჭიროება, იმდენად მრავლად გვაქვს სხვა წარმატებები”, – წერს რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები