სააკაშვილი მოუწოდებს უკრაინას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე “ქედი არ მოიხაროს”
“უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტებზე უარი უნდა თქვას, რადგან ორგანიზაცია ზუსტად იმდენ თანხას გასცემს, რამდენიც საჭიროა ვალების გასასტუმრებლად და მეტს – არა”, – ამის შესახებ უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, – წერს “დელოვაია სტოლიცა”.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტობის დროს მან სავალუტო ფონდის მომსახურებაზე უარი თქვა.
“ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ვალდებულები ვართ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვითანამშრომლოთ, შეხედეთ, რამდენ ფულს გვაძლევენ – ზუსტად იმდენს, რომ საგარეო ვალი გავისტუმროთ. და ამის გამო მუდმივად “ქედი უნდა მოვიხაროთ”. თავის დროზე, საქართველოში ფონდის მომსახურებაზე უარი ვთქვი”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, დღეს უკრაინა საკმარისად ძლიერია, რომ იმავენაირად მოიქცეს.
“რასაკვირველია, არა იმ მიზნით, რომ ძველი ქურდები დავაბრუნოთ, არამედ იმისთვის, რომ რეფორმები და ცვლილება ცივილური გზით განვახორციელოთ. და, ამ გაგებით, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს”, – განმარტა სააკაშვილმა.
14 მაისს უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, იაკოვ სმოლიიმა განაცხადა, რომ ქვეყნის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებული ყველა თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვას მოხმარდება.