დაკავებული მშობლები და დაზარალებული პატარები – გახმაურებული საქმის დეტალები – “ბავშვებს სცემდა, მამასთან სიტყვა არ დაძრათ, თორემ მოგკლავთო”

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 და 12 წლის მოზარდების დედა სასჯელს საკუთარ შვილებზე ძალადობის ბრალდებით იხდის.  ის 2018 წლის 10 მაისს დააკავეს და 4 წელი აქვს მისჯილი. სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის 10 მაისამდე თბილისში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ინგა კაპანაძე სისტემატურად ძალადობდა არასრულწლოვან შვილზე, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და სცემდა.
მეუღლეზე განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებულია ბავშვების მამაც, მას 1 წელი და 4 თვე მიესაჯა.
​ამგვარად განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბავშვები დედის მშობლებთან იზრდებიან.
​ახლა კი გამოძიება კიდევ ერთ საქმეზე – მამის მხრიდან შვილებზე დედის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულებისა და ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარეობს.
​აღნიშნულ თემაზე, “კვირასთან” დამატებით დეტალებზე საუბრობს დაკავებულის და.

​როგორც მან განაცხადა, მის ძმას მეუღლე დამაძინებლებს ასმევდა, რადგან თავად ალკოჰოლური სასმელი ეყიდა.
“ამდენ ხანს ვიყავი გაჩუმებული, ახლა ამევსო მოთმინების ფიალა, ამდენ უსამართლობას ვეღარ ავიტან. მინდა, სრული სიმართლე გითხრათ, სინამდვილეში რაც ხდებოდა. ჩემი ძმის მეუღლე ინგა კაპანაძე არის და იყო პათოლოგიური ლოთი. მან ახლომახლო ჯიხურებში სასმელი გააქრო, აფთიაქებში კი – სპირტი. იყო შემთხვევები, როდესაც ჩემს ძმას ბავშვები სკოლაში მიჰყავდა ან ტაქსაობდა და მის მეუღლეს სახლში კეტავდა გარედან, რომ სასმელი არ მიეტანა. იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო. ის კი მეექვსე სართულიდან ჩაუშვებდა თოკს დაბლა და მეზობლებს სთხოვდა,  სასმელი აეწოდებინათ –  შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ. ხანდახან ისე იყო გათიშული ბავშვების გამოყვანა ავიწყდებოდა ჯერ ბაღიდან, შემდეგ კი, სკოლიდან.
ეგ რომ დააპატიმრეს, მაღაზიაში დატოვებული სასმელების ვალი ჩემმა ძმამ დაფარა. სახლიდან გატანილ ნივთებს ყიდდა, ალკოჰოლის საყიდლად.
​მე მიმალავდნენ. იცოდნენ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ფინანსურად აღარ დავეხმარებოდი.
ბავშვებს აშინებდა, სცემდა – მამასთან სიტყვა არ დაძრათ, თორემ მოგკლავთო. ახლახან ბავშვებმა მითხრეს, ჩემს ძმას ჩაიში ან ყავაში ძილის წამლებს უყრიდა, რომ გაეთიშა და მაგას დასალევი ეყიდა. თავს ვერ აკონტროლებდა, ბავშვებს არ უვლიდა.
ასეთი ქალის პატრონმა იმის მაგივრად, რომ სირცხვილისაგან პირები ამოიკერონ და თავიანთი სიბინძურე ნუკრის არ დააბრალონ, ანგელოზად მოაქვთ თავი, არ გაჩერდნენ ამდენი სიცრუისა და სიბინძურის ლაპარაკით პრესით თუ მედიით. ეგ ქალი რომ დასაცავი იყოს, ყველაზე კარგად მე დავიცავდი, მაგრამ მაგისგან არიან დასაცავები ბავშვებიც და მათი მამაც”, – აცხადებს დაკავებული მამაკაცის და.
რაც შეეხება არსებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცმა ბავშვებს დედის წინააღმდეგ იძულებით მიაცემინა ჩვენება – ამ ფაქტს ქ-ნი ირინა კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მათი ამჟამინდელი მეურვეები, დედის მშობლები ბავშვებს იარაღად იყენებენ.
“დედის დაკავების მერე ერთი წლის მანძილზე ბავშვები იზრდებოდნენ მამასთან, დედაც ის იყო და მამაც. შემდგომ აამუშავეს სიცრუის მანქანა – ხან ნარკომანობაში დადეს ბრალი, ვერ დაამტკიცეს, ხან –  ცოლზე ფიზიკურ ძალადობაზე, ვერც ეს დაადასტურეს. ახლა ბავშვებზე მეურვეობა ბებო-პაპამ აიღო და ათქმევინეს დიდი ტყუილი, რომ თურმე ვაიძულეთ, დავაწერინეთ დედაზე, რომ ის ბავშვებზე ძალადობდა. თითქოს მე მოვისყიდე ექსპერტი და პოლიცია… იარაღად გამოიყენეს ბავშვები. ერთხელ ბავშვებმა მითხრეს – “ბებიამ გვითხრა, მოიცადეთ, მოხვალთ ჩემთან და სხვანაირად აჭიკჭიკდებითო” – ეგრეც მოხდა. ბავშვებზე იმიტომ აიღეს მეურვეობა, რომ მათ ტყუილი ათქმევინონ. მათ დასაცავად ჩემი ძმა დუმს, ჩემს შვილებს როგორ  დავუპირისპირდე, ისედაც საკმარისად მოეშალათ ფსიქიკაო.
სიცრუეა ის, რომ, თითქოს, ჩვენი მხრიდან რაიმე ზეწოლა იყო მათზე ან ვაიძულეთ, ტყუილი ეთქვათ დედის ძალადობაზე. ეგ დაადასტურა ექსპერტმა. და თქვენ გგონიათ, მარტო ბავშვების ნათქვამი იქნებოდა საკმარისი?”, – აცხადებს დაკავებული მამაკაცის ოჯახის წევრი. ​
როგორც მან “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, მისი ძმის გათავისუფლების შემდეგ ბავშვების დაბრუნებაზე იბრძოლებენ, თუ ეს, რა თქმა უნდა, მათი სურვილიც იქნება.  
მოცემულ საქმეზე ბრალდებული მამაკაცის უფლებადამცველი ალექსანდრე ამირხანაშვილია. “კვირა” გარკვეული სამართლებრივი საკითხების დასაზუსტებლად მასაც დაუკავშირდა. მისი განცხადებით, გამოძიებაში მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია, ხოლო ბავშვები შურისძიების იარაღად არიან გამოყენებულები. ​
“ეს არის მტკნარი სიცრუე, რომ მამამ თითქოს ძალით მიაცემინა ბავშვებს ჩვენება. ბავშვებმა არაერთი ჩვენება მისცეს სოც. მუშაკის თანდასწრებითაც, ფსიქოლოგის თანდასწრებითაც, რომლებიც ცალსახად ერთსა და იმავე გარემოებას ადასტურებდნენ.
ეს საქმე გამოძიებისთვის ყალბი ჩვენებებით გააჯერეს. რაც ყველაზე ამაზრზენია ამ საქმეში, მათ გამოიყენეს ბავშვები შურისძიების იარაღად”, – აღნიშნა მამაკაცის ადვოკატმა.
თავის მხრივ, ახალ გარემოებებზე საუბრისას ბავშვების დედის, ინგა კაპანაძის ადვოკატის, ზაქარია გვიშიანის თქმით, შესაძლოა, შვილებზე მოძალადე მამა იყოს და არა – დედა.
“როგორც მაქვს ინფორმაცია, უკვე მიიღო აპელაციამ გადაწყვეტილება და საკმარისად არ ჩათვალა, როგორც ახლადგამოვლენილი გარემოება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება. სასამართლოს აინტერესებს, რამდენად დადასტურდება, რომ მსჯავრდებული, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ყოფილი მეუღლე, ბავშვების მიმართ ზემოქმედებას ახორციელებდა.
​უნდა დადგინდეს ეს ფაქტი, რომ მამა ბავშვებზე ახდენდა ზემოქმედებას და ბავშვებზე ძალადობდა. ამაზე ჯერ განაჩენი არ არის დამდგარი. როდესაც ეს დადასტურდება სასამართლოს მიერ, კანონით დადგენილი წესით მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს. აშკარაა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ განუხორციელებია არანაირი ძალადობა თავის შვილებზე”, – განაცხადა ზაქარია გვიშიანმა.​​
ცნობისათვის ბავშვების მამის სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 21 მაისს არის ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები