ირაკლი სესიაშვილი: პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ, ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ
„ჩვენ ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ და ნამდვილად ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაც-კლასტერი” გაიმარჯვებს, ამის თეორიული შესაძლებლობაც არ არის”,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, საბოლოო შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მეტ-ნაკლებად მისაღებია ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის.
„ჩვენი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მიმართ, ხალხის მიმართ და ასევე, პარალელურ რეჟიმში, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ საერთაშორისო ურთერთობის კონტექსტში, როდესაც გვინდა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრი გავხდეთ. ის, რაზეც საბოლოო შეთანხმება შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მეტ-ნაკლებად მისაღებია ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის. და იმისთვის, რომ აქ პოლიტიკური ქაოსი არ შეიქმნას”,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.