კახიანი – მამუკა ხაზარაძეზე: პოლიტიკოსობა რაიმე პასუხისმგებლობისაგან არ გაათავისუფლებს
“თავად ამ პოლიტიკოსებს, რომელთაც შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა, ძალიან კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული, რომ როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადება არ ხდება და ამას საფუძვლიანი მიზეზი არ გააჩნია, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, გიორგი კახიანი აცხადებს.
აღნიშნულით ის მამუკა ხაზარაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
“ის, რომ ესა თუ ის პიროვნება პოლიტიკოსია, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსობა გაათავისუფლებს რაიმე პასუხისმგებლობისაგან. რთულად მისახვედრი არ არის, რომ ოპოზიციის მხრიდან ამას მოჰყვებოდა შეფასებები, რომ თითქოს, ეს არის პოლიტიკური დევნა და ა.შ. მაგრამ, სინამდვილეში, მგონი, ყველასთვის ძალიან კარგადაა ცნობილი, რომ ეს იყო კანონდარღვევა,” – აცხადებს კახიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8- თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.