აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმში ლიტერატურული კონკურსის – „პრემია სხვიტორის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმში, მგოსნის დაბადებიდან 185 წლისთავთან დაკავშირებით, ლიტერატურული კონკურსის „პრემია სხვიტორის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სპეციალური ჟიურის მიერ, რომელსაც ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამირან გომართელი ხელმძღვანელობს, გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციაში გამარჯვებულები:

პოეზია – მანანა ჩიტიშვილი, პროზა – ალექსანდრე კაკიაშვილი, საყმაწვილო ლიტერატურა – ვანო ჩხიკვაძე და აკაკი დაუშვილი.

საპატიო სიგელი და ,,აკაკის მედალი“ გადაეცათ ვახტანგ ვეფხვაძეს წიგნის ,,აკაკი წერეთელი“ გამოცემისათვის და თენგიზ კაპანაძეს-მუზეუმისთვის გაწეული ქველმოქმედებისთვის.

ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), სასულიერო პირები, თვითმმართველობისა და ლიტერატურული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლიტერატურული კონკურსი 2022 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით დაარსდა.

პრემია „სხვიტორი“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

1. პოეზია – წლის საუკეთესო კრებული/პოეტური ციკლი;

2. პროზა – წლის საუკეთესო წიგნი/ნაწარმოები;

3. კრიტიკა- წლის საუკეთესო წიგნი/სტატია;

4. საყმაწვილო ლიტერატურა – წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი/ნაწარმოები.

კონკურსი ფართო მასშტაბიანია. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები