კატარმა დროებით საჰაერო სივრცე დახურა
კატარის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საჰაერო სივრცის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„კატარის სახელმწიფოს სურვილის ფარგლებში, უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების, უცხოელი მაცხოვრებლებისა და ტურისტების უსაფრთხოება, შესაბამისმა სამსახურებმა გამოაცხადეს საჰაერო მიმოსვლის დახურვა შტატის საჰაერო სივრცეში. ეს ზომები მიღებულია სხვა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისის ღამეს შეერთებულმა შტატებმა ნათანზში, ფოროსა და ისპაჰანში მდებარე სამ ირანულ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. ვაშინგტონის თქმით, თავდასხმის მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება ან მისი სერიოზული შესუსტება იყო.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თეირანი უნდა დათანხმდეს „ამ ომის დასრულებას“, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანი გაცილებით სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება.
ამავდროულად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თავდასხმების შემდეგ, რომლებსაც ირანმა ბარბაროსული და დანაშაულებრივი უწოდა, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ისლამურ რესპუბლიკასთან ომში არ იმყოფება.
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ „დიპლომატიის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს, მაგრამ ახლა… ასე არ არის“. მისი თქმით, სწორედ შეერთებულმა შტატებმა უღალატა დიპლომატიას. მანვე დასძინა, რომ ირანი ყველა ზომას მიიღებს საკუთარი უსაფრთხოებისა და ქვეყნის ინტერესების დასაცავად.